ბექა ოდიშარია „60+ კლუბის“ ახალი ფილიალის გახსნას დაესწრო
ლადო ასათიანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+კლუბის“ ახალი, მესამე ფილიალი გაიხსნა.
თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, საზეიმო გახსნის ღონისძიებას, რომელზეც კლუბის წევრთა ნამუშევრების გამოფენა იყო წარმოდგენილი, თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია დაესწრო. საკრებულოს დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ „60+კლუბის“ პროექტის განხორციელება თბილისის მერის, კახა კალაძის 2021 წლის წინასაარჩევნო დაპირება იყო. ბექა ოდიშარიამ თავის გამოსვლაში კახა კალაძეს, თბილისის საკრებულოს და ყველა იმ ადამიანს, ვინც აღნიშნულ პროექტს თავდადებით ემსახურება მადლობა გადაუხადა და პროექტით მოსარგებლეებს კლუბის ახალი ფილიალის გახსნა მიულოცა.
„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ადამიანები, რომლებიც აღნიშნული პროექტით სარგებლობენ, საზოგადოების ძალიან მნიშვნელოვანი წევრები არიან. ეს თაობა არის ჩვენი ინტელექტუალური ძალიან დიდი რეზერვი და ჩვენ გვსურს, რომ მათი გამოცდილება რეალიზებული იყოს. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო მათთვის, არამედ ახალგაზრდა თაობისთვისაც“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
„60+კლუბის“ ახალი ფილიალის გახსნას საქართველოში პირველი ვიზიტის ფარგლებში მყოფი გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი – ფლორენს ბაუერი და გაეროს მოსახლეობის ფონდის წარმომადგენელი თურქეთში, საქართველოს და აზერბაიჯანის ოფისის დირექტორი მარიამ ხანი დაესწრნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაკა ნასრაშვილი; თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი ნინა ანჯაფარიძე და „60+ კლუბის“ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მარიკა დარჩია.
„60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ არის თბილისის მუნიციპალური
სერვისი, რომელიც განკუთვნილია 60 წლისა და მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის და მიზნად ისახავს მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერას, სოციალური ჩართულობისა და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობას.