დავით ქართველიშვილი: ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ქუვეითში კი აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია… მაშ – მშვიდობა ვჭამოოთ?

პარტია „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და წერს, რომ მსოფლიოს რამდენიმე წერტილში სამხედრო კონფლიქტების არსებობის ფონზე, საქართველოში მშვიდობაა: 

„ე.წ. “პერესტროიკის დროს” გენადი ხაზანოვს ჰქონდა ერთი მინიატურა “ამინდის პროგნოზის” თემაზე. ის ასახელებდა ცნობილ ევროპულ ცენტრებს არაჩვეულებრივი ამინდის მონაცემებით და ყოველ ჯერზე უპირისპირებდა ამას ფრაზას – а в деревне Гадюкино дожди. გასაგებია მინიატურის სულისკვეთება, იმდროინდელი უფერული საბჭოთა ყოველდღიურობა შედარებულ იყო უცხოეთის მრავალფეროვან აყვავებულ გარემოსთან. დღეს საინფორმაციო გამოშვების სულ რაღაც 10 წუთი დამჭირდა, რათა “პოლიტიკური ამინდის პროგნოზი” გამეკეთებინა, ოღონდ “ხაზანოვისეული” აქცენტებისგან 180-გრადუსიანი განსხვავებით:

ხარკოვის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატების შემოტევის გამო დღეს სიცხეა, ხოლო სოფელ ძეგვში უბრალოდ მზიანი ამინდია…

ქუვეითში აეროპორტი დაბომბეს, ხოლო სოფელ ძეგვში დღეს მსუბუქი ნიავია…

ლიბანში საცხოვრებელი კვარტლები მიწასთან გაასწორეს, ხოლო სოფელ ძეგვში ჰაერის სისუფთავეს და არაჩვეულებრივ არომატს განაპირობებს დამუშავებული მიწის, ტყისა და მდინარის ჟანგბადოვანი მიქსი…

თელ-ავივში განუწყვეტლივ ისმოდა საჰაერო თავდაცვის განგაში, ხოლო სოფელ ძეგვში გამთენიისას პირველი მგალობელი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ…

ირანზე სარაკეტო იერიშები გრძელდებოდა, ხოლო სოფელ ძეგვში მტკვარზე თევზაობდნენ შაბათ-კვირისთვის, მემარხულეთა “ცოცხალით” მომარაგების მიზნით…

მთელ ისრაელში გაგრძელდა პროტესტები პალესტინელებისთვის ჩამოხრჩობით სიკვდილით დასჯის შემოღების წინააღმდეგ — ხოლო სოფელ ძეგვში აყვავებული ბაღების სურნელი ტრიალებდა…

მაშ – მშვიდობა ვჭამოოთ?” – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები