იენს სტოლტენბერგი: სრულუფლებიანი წევრობის გარდა, ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს

0

ნატო-ს სხვადასხვა სამიტებზე ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სლოვენიის დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილის, მათეი ტონინის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომელმაც სტოლტენბერგს ჰკითხა, “როდის ვიხილავთ საქართველოს ნატო-ს სრულუფლებიან წევრად“.

“ნატო-ს კარი რჩება ღია. ამას ადასტურებს მონტენეგროს გაწევრიანება. მონტენეგრო ორი წლის წინ გახდა ჩვენი 29-ე წევრი და მალე ჩვენი წევრი გახდება ჩრდილოეთ მაკედონია. ასე რომ, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ალიანსის კარი რჩება ღია. ჩვენ ასევე მკაფიოდ ვაცხადებთ ნატო-ს სხვადასხვა სამიტებზე, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტების მოდერნიზების, გაძლიერებისკენ, რათა მათ ნატო-ს სტანდარტები დააკმაყოფილონ. ასე რომ, ეს არის საკითხი, რაზეც საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ.

ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წევრობის გარეშეც ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში – ჩვენ გვაქვს საქართველოში წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ჩვენ გვაქვს უფრო მეტი წვრთნა, გვაქვს უფრო დიდი წარმომადგენლობა საქართველოში, ვიდრე ოდესმე გვყოლია. ეს არის კარგი საქართველოსთვის და ასევე ნატო-სთვის. ასე რომ, სრულუფლებიანი წევრობის გარდაც, ჩვენ საქართველოსთან ძალიან ძლიერი პარტნიორობა გვაქვს“, – განმარტა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი