თორნიკე მამალაძე ხვალ “შუშის სასახლესთან” აქციას გამართავს
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, ხვალ 16:00 სთ-ზე აქციას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან გამართავს, რადგან, მისი თქმით, დეკანოზის განადგურების იდეას სწორედ აქ დაედო სათავე.
როგორც თორნიკე მამალაძე ფეისბუქ გვერდზე წერს, პროტესტის განსხვავებულ ფორმებს იწყებს და ამ აქციით შეახსენებს ივანიშვილს, რომ “არ ვნებდებით და არ გვეშინია მისი”.
“როგორც უკვე მოგახსენეთ, გადავწყვიტე პროტესტის განსხვავებულ ფორმებს მივმართო. ხვალ 15 ოქტომბერს 16 საათზე აქციას ვატარებ იქ, სადაც საქართველოს მრავალი ოჯახის უბედურების სათავეა: ბიძინა ივანიშვილის კოლბასთან. მამა გიორგის განადგურების იდეას რეზოლუცია სწორედ იქ დაედო. ამ აქციით უმდიდრეს ბოროტ ადამიანს შევახსენებ, რომ არ ვნებდებით და არ გვეშინია მისი. ასევე სოლიდარობას ვუცხადებთ ოლიგარქის მიერ დაჩაგრულ თითოეულ მოქალაქეს”, – წერს თორნიკე მამალაძე.