ვილნიუსში “თბილისობა” აღინიშნა

ვილნიუსის ცენტრალურ ქუჩაზე “თბილისობის” აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა. საქართველოს საელჩო ლიეტუვაში ქართული კულტურისა და ტრადიციების წარმოჩენის მიზნით თბილისობას ვილნიუსში უკვე მეხუთე წელია მართავს.

დღესასწაული საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლიეტუვაში, ლევან ღვაჩლიანმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან განსაკუთრებული ხაზი გაუსვა დაძმობილებულ ქალაქებს, თბილისსა და ვილნიუსს, შორის სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. წელს, საქართველოს და ლიეტუვის დედაქალაქები პარტნიორობის მეათე საიუბილეო წელს აღნიშნავენ.

ღონისძიების ფარგლებში, ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

“თბილისობაზე” მოსული სტუმრებისათვის ქართული სიმღერები შეასრულეს ანსამბლ “ქართული ხმების” წევრებმა.

ამასთანავე, გაიმართა ფოტოგამოფენის “ქართული ეროვნული სამოსის მრავალფეროვნება” და ლიეტუვაში მოღვაწე ქართველი მხატვრის ნიკოლოზ გამხიტაშვილის ქართული ტიხრული მინანქრის ნამუშევრების გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნა
“საქართველოს სურნელებისა და ხელოვნების სახლი” და გაიმართა ლიტვურ ენაზე თარგმნილი ქართული ლიტერატურის – ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხია”, ნიკოლოზ ბარათაშვილის “ლირიკა”, ქართველი პოეტების ანთოლოგიის და ბონდო მიქაბერიძის საბავშვო ზღაპრების პრეზენტაცია.

 

ღონისძიებას დაესწრნენ ლიეტუვის მთავრობის, პარლამენტის, დიპლომატიური კორპუსის, ასევე ლიეტუვაში მცხოვრები ქართული სტუდენტების და დიასპორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები