ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გუდამაყრისა და ხანდოს მოსახლეობას შეხვდნენ

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული – შალვა კერესელიძე, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი – დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის – მერი ზურაბ სეხნიაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ინაშვილი, გუდამაყრისა და ხანდოს ხეობების სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივებისგან იმ საკითხების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, რომლებიც მათ ყველაზე მეტად აწუხებთ. ძირითად პრობლემად სოფლების გაზიფიცირება, შიდა გზების მოწყობა და წყალმომარაგების გაუმჯობესება დასახელდა. შეხვედრებზე სოფლებში მიმდინარე, დაგეგმილ პროექტებზეც ისაუბრეს და შესრულებული სამუშაოების შედეგები შეაფასეს.

სოფელ ჩოხში, ქართველი მწერლის, სცენარისტის, რეჟისორისა და საზოგადო მოღვაწის გოდერძი ჩოხელის მუზეუმის მშენებლობა დასრულდა და ახლო მომავალში გაიხსნება. სოფელ ზანდუკში საჯარო სკოლის რემონტი კვლავ მიმდინარეობს. ამასთან, დაგეგმილია გუდამაყრის ხეობასთან დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია. ინტენსიურად გრძელდება სათემო ინტერნეტიზაცია და პროექტის ფარგლებში, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით გუდამაყართან ერთად, ფშავისა და ხევსურეთის ხეობებიც დაიფარება. მიღებული სიკეთით ჯამში 76 სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.

სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით, გუდამაყარსა და ხანდოში რეაბილიტირდება წყალმომარაგების სისტემები, მოეწყობა საგზაო ინფრასტრუქტურა და გარე განათება და სხვა აუცილებელი სამუშაოები შესრულდება. ხეობებში შემავალი ყველა სოფლის მოსახლეობა სარგებლობს „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათებით.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, 2020 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებზეც იმსჯელეს და სოფლებში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები