რა არის რუსული “უკვდავი პოლკი”, რომელიც საქართველოშიც არსებობს და დაისახა თუ არა ვაშინგტონმა ამოცანად მისი შეზღუდვა
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ „უკვდავი პოლკი“, როგორც პატრიოტული საზოგადოებრივი მოძრაობა, ისე დაარეგისტრირა. მოძრაობის ხელმძღვანელად რევაზ გოგიძეა მითითებული.
როგორც გოგიძემ რუსულ მედიას განუცხადა, „რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდა, „კარგია, რომ ქვეყნის კანონი ზოგიერთი პარტიის პოლიტიკური ამბიციების მაღლა დგას“.
მისი თქმით, რეგისტრაციის შემდეგ „უკვდავი პოლკი“ საქმიანობას გააგრძელებს.
საქართველოში „უკვდავი პოლკი“ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა. პირველი მსვლელობა 2017 წლის 9 მაისს მოეწყო. 2018 წელს აქცია მიმდინარეობდა თბილისში, გორსა და ბათუმში, წელს დაემატა ახალქალაქი და ნინოწმინდა.
რა არის „უკვდავი პოლკი“ ?
„უკვდავი პოლკი“ – საერთაშორისო საზოგადოებრივი სამოქალაქო-პატრიოტული მოძრაობაა, რომლის მიზანია დიდი სამამულო ომის მსხვერპლთა ხსოვნის უკვდავობის შენარჩუნება. აქციის მონაწილეები ყოველ წელს 9 მაისს სხვადასხვა ქალაქში გამოდიან ომის მონაწილე ნათესავების ფოტოებით.
მოძრაობა 2012 წელს ტომსკში დაარსდა. „პოლკის“ წესდებაში მოძრაობის პრინციპები ფორმულირებულია, როგორც არაკომერციული, აპოლიტიკური, არასახელმწიფოებრივი სამოქალაქო ინიციატივა.
საქართველოსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში „უკვდავი პოლკისადმი“ დამოკიდებულება
მოძრაობად დარეგისტრირების საკითხის კომენტირებისას “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ისინი “არსებობენ იმისთვის, რომ გაავრცელონ რუსული პროპაგანდა. ეს არის უკიდურესად საშიში და იმის დადასტურება, რომ თანამშრომლობა არის აქტიურ ფაზაში გადასული და ეს არის ჩვეულებრივად ჰიბრიდული ომი“.
“ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის შეფასებით კი მსგავსი ორგანიზაციები „რუსეთის იდეოლოგიური იარაღია, რომლითაც ის უპირისპირდება დასავლეთს და აკეთებს დასავლეთის წინააღმდეგ ძალების კონსოლიდაციას“.
რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, საქართველოს მსგავსად მოძრაობის აქციებს ეწინააღმდეგებიან ტაჯიკეთში, ბელარუსში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებში.
დაისახა თუ არა ვაშინგტონმა ამოცანად „უკვდავი პოლკის“ გავრცელების შეზღუდვა
ივლისში რუსეთში „სამშობლოს ისტორიის“ ფონდის საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელშიც რუსეთის ისტორიული საზოგადოების თავმჯდომარე და საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი მონაწილეობდა, რომელმაც თქვა, რომ ვაშინგტონმა ამოცანად დაისახა, რომ საზღვრებს გარეთ „უკვდავი პოლკის“ აქციები არიდებული იყოს.
ნარიშკინმა აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის გეოპოლიტიკური ოპონენტების შეწინააღმდეგების „ცინიკური“ მცდელობა.
საინტერესოა, რომ ამავე სხდომაზე ყოფილ საბჭოთა სივრცეში რუსული ენის პოპულარიზაციისთვის შესაფერისი პირობების შექმნაზე მსჯელობდნენ.
როგორც ნარიშკინმა აღნიშნა „რუსული ენა – ჩვენი საუკუნოვანი კულტურის საფუძველია და მისი განმტკიცება პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენი ვალია მილიონობით თანამემამულის და ყველა მათგანის წინაშე, ვინც ეროვნული ღირსებისა და სამართლიანობის კატეგორიებით აზროვნებს“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 4 ივნისს განაცხადა, რომ დასავლეთი ვერ აიძულებს რუსეთს გამარჯვების დღე არ აღნიშნოს. „სამწუხაროდ, მსოფლიოში ყველასთვის არ არის „გამარჯვების“ ხსოვნა – წმინდა. სამწუხაროა, რომ რუსეთშიც არიან ისეთები, რომლებმაც არაკეთილმოსურნეების მითები აიტაცეს. რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვაწყდებით ისტორიული მეხსიერების დაქვეითებას“, – აღნიშნა ლავროვმა.
მიუხედავად იმისა, რომ კრემლის მიერ 2012 წელს შექმნილ მოძრაობას ფუთავენ როგორც სამოქალაქო-პატრიოტული, რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებისთვისაც 9 მაისი გამარჯვების დღე, წმინდათა წმინდა დღესასწაულია, „უკვდავ პოლკს“ ზეიმის „მნიშვნელოვან ნაწილად“ არ მიიჩნევს.
2017 წელს „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, 9 მაისს გამოკითხულთა 87% აღნიშნავს, ხოლო მოძრაობის აქციაზე მხოლოდ 26% გადის.