დიმიტრი ყიფიანის შთამომავალი მწერალი და გურამ პატარაიას მიერ ზეიმად გადაქცეული დღეები

      მისი ცხოვრება თავიდანვე განსაზღვრა ბედიწერამ: დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალია, რომელსაც ბიძის, გურამ პატარაიას ზეიმად გადაქცეული ჩვეულებრივი დღეები ახსოვს. კიდევ, ზაფხულობით აგარაკზე ჩამოსული შოთა მანაგაძე და თენგიზ აბულაძე, ბავშვობაში მათ ოჯახში სტუმრად მისული: სერგო ქობულაძე, ნიკა აგიაშვილი და კოლაუ ნადირაძე ახსოვს. მას სხვა გზა და არჩევანი არც ჰქონდა: მწერალი უნდა გამხდარიყო და გენეტიკასა და მეხსიერებაში დალექილ საოცარ ამბებზე ეწერა...
რუბიკაში ,,პერსონამწერალი თამარ მიქაძე.

 – ქალბატონო თამარ, თქვენ მცირე პროზაში მუშაობთ და ამ მივიწყებული ჟანრით რატომ დაინტერესდით?
– ლიტერატურასა და ხელოვნებაშიც მინიატურული ნაწარმოები ბავშვობიდან მომწონს. საკუთარი სათქმელი მცირე დროში უნდა თქვა, აქედან გამომდინარე, ექსპრესიულობაც მეტია,- ის ავტორისგან დიდ გულწრფელობას მოითხოვს, აქ ტყუილად ჩიტს ვერ გადააფრენ, თითოეულ სიტყვას მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.
რა გზა და ცხოვრება გამოიარეთ მწერლობამდე?1615030_696356980395467_1196796311_n
 – ბავშვობიდან ვწერ. ჩემი პირველი მკითხველები უახლოესი მეგობრები იყვნენ. მიუხედავად მათი დაჟინებული თხოვნისა, მკითხველს საკმაოდ გვიან შევხვდი, შეიძლება ითქვას, გრძელი გზა გავიარე. უფრო სამეცნიერო მუშაობაში ვიყავი ჩართული, შემოქმედება კი ოჯახური სალონის დონით შემოიფარგლებოდა. ერთხელაც, ჩემმა მეგობარმა მაია ციციშვილმა იაქტიურა და ჩემი ნაწერები როსტომ ჩხეიძესთან მიიტანა. როსტომმა კი “ცისკარში „დატოვა. ამას ,,ლიტერატურული, ,,კალმასობა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთები მოჰყვა. პირველი წიგნი მინიატურული პროზისა იყო – ,,სევდიანიდან მხიარულამდე“, კარლო ფაჩულიას მხატვრობით. ალბათ, ასე იყო საჭირო, მკითხველთან შეხვედრა დიდი პასუხისმგებლობაა, მანამდე ერთგვარი გამოცდა უნდა ჩააბარო.
– ცხოვრებაშიც მინიმალიზმის მომხრე თუ ხართ, ანუ მოკლე ნათქვამში მრავლისმეტყველი აზრის ჩატევა მოგწონთ?
– გარკვეულწილად, ვარ, თუმცა საუბრები, ურთიერთობები, შეხვედრები მიყვარს, როგორც მეუბნებიან, სიტყვა გამოზომილი მაქვს.
პირველი ნაწარმოები როდის დაწერეთ და რაზე იყო?
– პირველად თავისუფალი თემა დავწერე ხეზე, რომელსაც ფოთლები სცვიოდა, გვიანი შემოდგომა იყო. სკოლის მეოთხე თუ მეხუთე კლასელი ვიყავი. შეიძლება ითქვას, პირველად მაშინ ვიგრძენი ის სიამოვნება, ამავე დროს, წვალება, შემოქმედებით პროცესს  რომ ახლავს თან. ზარი ისე დაირეკა, თემა ვერ დავამთავრე, ერთი გაკვეთილი არ მეყო, ამ თემას სერიოზულად, უკვე ნამდვილი ავტორივით მივუდექი. ისეთი მასწავლებელი მყავდა, ბაია ფუტურიძე, რომელსაც ჩვენი ზუსტად ესმოდა. მეორე დღესვე დაურეკა დედაჩემს და უთხრა: თამრიკომ ისეთი თემა დამიწერა, თვალზე ცრემლი მომადგაო. პედაგოგზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მისი ძალიან მადლობელი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფილოლოგების ოჯახში გავიზარდე, პირველ მასწავლებლად ბაია მასწავლებელი მიმაჩნია.. .
თუ გაქვთ გამორჩეულად ახლობელი თემატიკა, რაზეც გიყვართ წერა?
– ჩემი საყვარელი თემა? ადამიანის ცხოვრება, ფიქრები, ურთიერთობები, ტკივილიანი და იუმორით გაჯერებული. ადამიანის ერთი შეხედვით შესამჩნევი, თუ შეპარული თვისებები.
თქვენ დიმიტრი ყიფიანის პირდაპირი შთამომავალი ბრძანდებით, ალბათ თქვენს ოჯახს მასთან დაკავშირებული ,,რელიქვიებიცგადაეცა?
– ჩემს ოჯახში, მართლაც, ნამდვილი რელიქვია ინახება: ექვსი თაობის მასალა, ფოტოები, ნივთები, დიმიტრი ყიფიანის სიცოცხლეშივე შესრულებული პორტრეტი, ბევრი რამ ჩვენამდე ზეპირი მონათხრობით მოვიდა. წერილები კი ძალიან საინტერესოა, მათ კითხვას არაფერი სჯობს, ისინი ხომ საინტერესო ადამიანები იყვნენ, ძირითადად, ევროპაში მიღებული განათლებით, ამასთან, 5- 6 უცხო ენა იცოდნენ, თავად დიმიტრი კი, – შვიდ უცხო ენას ფლობდა…
 – ქალბატონო თამარ, ამბობენ, გვარი, რომელსაც წმინდანი ჰყავს,- დალოცვილიაო
– ამბობენ, წესით, დალოცვილია, მაგრამ დიდ სიკეთეს გზაზე დიდი ბრძოლაც ეღობება. ჩვენი წინაპრების ცხოვრებას რომ გადავხედოთ, მათ არ მოკლებიათ რეპრესიები, მიწების ჩამორთმევა, პიროვნული ტრაგედიები, გვარში დიდი წინაპრის არსებობას მაშინ ვინ აპატიებდა?..
ვიცი, რომ ილიას პერსონალურ ენციკლოპედიაზე მუშაობთ

1624237_696357013728797_1474635285_n


– წიგნში ილიას ლიტერატურულ-საზოგადოებრივი გარემო შევა. ძალიან შეკრული ჯგუფი ვართ, ლიტერატურის ინსტიტუტიდან მოვდივართ. სამეცნიერო ხელმძღვანელი აგი აბაშიძეა, გამორჩეული მეცნიერი და პიროვნება. დირექტორი კი ქალბატონი ნინო მამარდაშვილია, ეს საქმე მისი ხელშეწყობითაც დაიწყო.
მწერალს ადამიანებზე დაკვირვება უყვარს, თქვენ რა ,,აღმოაჩინეთასეთი ,,დაკვირვების“ დროს?
– ასეთი დაკვირვება გაფიქრებინებს, რომ ადამიანის ბუნებაში ბევრი რამ შეუსწავლელია, ხანდახან საკუთარ თავზე ვერ მიხვდები, ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოიქცეოდი და პერსონაჟი რას მოიმოქმედებს, ვინ იცის?
აქვე მინდა, ვთქვა, რომ პერსონაჟი ავტორის განწყობისაგან თავისუფალი უნდა იყოს. შეიძლება ის სულაც არ იყოს კარგ განწყობაზე, ამ დროს პერსონაჟი კომიკურ სიტუაციაში ხვდება, ან პირიქით. მაგრამ როცა პერსონაჟი ავტორის განწყობაზეა დამოკიდებული,- ეს უფრო პირად დღიურებს ჰგავს და არა ნაწარმოებს.
– რას ნიშნავს თქვენთვის პიროვნება?
– ღირსება, ჩემი აზრით,- ესაა მთავარი. შეიძლება, შენი საქმის მცოდნე იყო, უცხო ენებიც შეისწავლო, მაგრამ თუ სამშობლოს შეგრძნება არ გაქვს, – არ ხარ გულწრფელი, არც მოყვასის თანაგრძნობა შეგიძლია, ან სიტყვა და საქმე ერთი არაა… ჩემი აზრით, კაპიკია ასეთი პიროვნების ფასი. ღირსეულად განვლილი ცხოვრება ყველაზე დიდი ღვაწლია…
გაიხსენეთ, რეალურად მომხდარი უჩვეულო ამბავი, რომელიც მოთხრობად აქციეთ...
– მაქვს ნამდვილ სიუჟეტზე აგებული ნაწარმოებებიც, მაგალითად -,,კაკლის ხე და ბებიაჩემის და ელისაბედი“. კომუნისტების დროს მიწა ჩამოართვეს ჩემს წინაპრებს ქვიშხეთში, ამის გამო ჩემს ბებიებს მთელი ცხოვრება გული სტკიოდათ, განსაკუთრებთ 300 – წლიან კაკალზე, რომლის ჩრდილშიც გაიზარდნენ. წლების შემდეგ იმ ტერიტორიაზე ძალიან კარგი ოჯახი დასახლდა, მე და ნინო ღაღანიძე კი ერთი წლიდან ერთად მოვდივართ და საუკეთესო მეგობრები ვართ. ამ მინიატურაში მიხეილ ჯავახიშვილის ბოლო დღეზეცაა საუბარი, ის ხომ ქვიშხეთიდან აიყვანეს. ამ ისტორიას ქვიშხეთში მცხოვრები კაცი იხსენებს გულისტკივილით, მაშინ 6 წლის ვიყავი და მე ვაჩვენე მწერალი, მეგონა კარგი გავაკეთეო.
 – ამჟამად წიგნზე მუშაობთ, რომელიც დიმიტრი ყიფიანზეა...
– 2009 წელს ბანკ ,,რესპუბლიკის“ მხარდაჭერით გამოიცა ფოტოალბომი – ,,დიმიტრი ყიფიანის ცხოვრება და მოღვაწეობა“, ალბომზე პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობდა, მე პროექტის ხელმძღვანელი ვარ, ამჟამად მთელ საოჯახო მასალას ვამზადებ გამოსაცემად და საზოგადოება ბევრ საინტერესო ფაქტს გაეცნობა.
ადამიანები, რომლებიც ცხოვრების გზაზე შეგხვდნენ და ნათელი კვალი დატოვეს
1779406_696358040395361_215822146_n


– იმდენად საინტერესო ოჯახურ და ადამინურ გარემოში ვიყავი, ყველას ჩამოთვლა ძნელია. მამა, გივი მიქაძე ფილოლოგი, მკვლევარი, პროფესორი იყო. მცხეთის ქუჩაზე ლიტერატურის ინსტიტუტის სახლში ვცხოვრობდით და ის დრო არაჩვეულებრივად მახსენდება. საინტერესო ის იყო, რომ ინსტიტუტის თანამშრომლები სულ მეზობლები იყვნენ, სამსახურის მერე ხშირად იკრიბებოდნენ ჩვენთან. თუ ბიძაჩემი გურამ პატარაია მოვიდოდა, ის ხომ დღესასწაულად გადააქცევდა დღეს. მას ისეთი იუმორი ჰქონდა, მამას ჰგავდა, ჩემს ბაბუას – ვასო პატარაიას, დრამატურგს, რომლის პატარა პიესები ხშირად იდგმებოდა სცენაზე. მათ არც ბებია და დედაჩემი ჩამორჩებოდნენ სიტყვა-პასუხით. ასე რომ, მე და ჩემი ბიძაშვილი სოფო პატარაია მხიარულებაში ვიზრდებოდით, შემდეგ კი ჩემი უმცროსი და ქეთი შემოგვემატა. შემოქმედებითი ადამიანებიც სხვანაირები იყვნენ, ჩვენი უახლოესი მეზობელი იყო რეჟისორი შოთა მანაგაძე, ქვიშხეთში ჩვენს სიახლოვეს თენგიზ აბულაძეც ჩამოდიოდა. ზაფხულობით თავის სახლში ისინი საქმეში ჩართული ადამიანები იყვნენ, ზედმეტი ამბიციების გარეშე… შორეულ ბავშვობაში კი ჩვენთან მოსული სტუმრებიდან ბევრი საინტერესო ადამიანი მახსოვს, მხატვარი სერგო ქობულაძე, ნიკა აგიაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვები, ალბათ როდისმე ცალკე წიგნში მათზეც დავწერ.
როგორი დიასახლისია მწერალი?
– საიდუმლოს გაგიმხელთ – ჩემთვის დიასახლისობა მოვალეობა უფროა, ვიდრე საყვარელი საქმე. მიყვარს სტუმარი, შემიძლია შევქმნა ოჯახური სიმყუდროვე. საქმე, მგონია, სხვაგან უფრო მეძახის… წელს საკმაოდ ბევრი სამუშაო მაქვს… რამდენიმე წიგნზე ვმუშაობ. თავისუფალ დროს კი მეგობრებთან, ბიძაშვილებთან ყოფნა მიყვარს. ზუბალაშვილების ქუჩას ყველაზე ხშირად ვსტუმრობ. იქ ბიძაშვილები ცხოვრობენ, ჩემი მეორე ოჯახივითაა. ხშირად მეუღლესთან ერთად სვანეთის უბანში დავდივარ, მამა მალხაზთან, მისი თაოსნობით წმინდა დიმიტრის სახელობის ტაძარი იგება.

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები