გავა თუ არა აშშ საერთაშორისო შეთანხმებიდან, რომელიც „რუსეთს ხელს აძლევს“ – რა გავლენას მოახდენს აღნიშნული საქართველოზე
დატოვებს თუ არა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კიდევ ერთ საერთაშორისო შეთანხმებას „ღია ცის ქვეშ“ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღნიშნული არავის გააკვირვებს, გამომდინარე იქიდან, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უკვე სამი მნიშვნელოვანი შეთანხმებიდან გავიდა.
2016 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ტრამპის ადმინისტრაცია რამდენიმე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებიდან გავიდა.
მათ შორის არის: კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმება; 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება „ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით“ – რომელიც აშშ-მა 2018 წელს დატოვა; მიმდინარე წელს კი გაუქმდა1987 წელს საბჭოთა კავშირსა და აშშ-ის შორის მიღწეული შეთანხმება „მცირე და საშუალო რადიუსზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ“.
„ღია ცის ქვეშ“ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ ინფორმაცია მედიაში გავრცელდა, თუმცა თეთრ სახლში ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
“ღია ცის ქვეშ” შეთანხმებას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთოს 23 წევრი ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება. 2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.
როგორც კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა საკითხის კომენტირებისას განაცხადა, “დოკუმენტი მნიშვნელოვან სამხედრო ტრანსპარენტულობას უზრუნველყოფდა. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლა რუსეთს ხელს აძლევს, ზიანს მოუტანს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს და უსაფრთხოების სფეროში აშშ-ის ინტერესებს. შეთანხმება აშშ-ისა და მის მოკავშირეებს აძლევს შესაძლებლობას რუსი სამხედროების დისლოცირების დაკვირვებისა. სადამკვირვებლო ფრენები უკრაინაში რუსეთის ქმედების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას უწყობს ხელს“.
როგორც „კვირას“ საკითხის კომენტირებისას ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში ამირან სალუქვაძემ განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ „თანამედროვე შეიარაღებისა და მობილურობის პირობებში, სრულყოფილად არ არის შესაძლებელი ისეთი ქვეყნების გაკონტროლება, როგორიც რუსეთია“, მსგავსი შეთანხმებების არსებობა „მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და სახელმწიფოებს გარკვეულ ჩარჩოში აქცევს“.
მისი თქმით, დღეს „სამყარო იმყოფება სახიფათო ეპოქაში, ვიდრე ე.წ. ცივი ომის, „რკინის ფარდის“, თუ გამალებული შეიარაღების დროს იყო. რადგან თუ იმ პერიოდში მსოფლიო ლიდერებმა შეიარაღების კონტროლის მიზნით სხვადასხვა შეთანხმებები გააფორმეს, რამაც შექმნა უსაფრთხოების ის არქიტექტურა, რომელმაც აქამდე იმუშავა, დღეს ხდება ამ არქიტექტურის, მისი ფუძემდებლური იურიდიული ბაზის რღვევა“.
რაც შეეხება საქართველოს, რომელიც შეთანხმების წევრი ქვეყანაა, სალუქვაძე ამბობს, რომ „იმ პირობებში, როდესაც მისი ორი რეგიონი და ამ ტერიტორიებზე მძლავრი სამხედრო ბაზებია განთავსებული, რასაც ასევე ემატება მილიტარიზებული სამხრეთის სამხედრო ოლქი, შეთანხმებას საგრძნობი შედეგები არ მოუტანია“.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამეზობლოდან აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმების ხელმომწერები არ არიან. თანამედროვე შეიარაღებისა და მობილურობის პირობებში, ეჭვი მეპარება, რომ სრულყოფილად არ არის შესაძლებელი ისეთი ქვეყნების გაკონტროლება, როგორიც რუსეთია. თუმცა, ასეთი შეთანხმებების არსებობა მნიშვნელოვანია გლობალური უსაფრთხოებისთვის და სახელმწიფოებს გარკვეულ ჩარჩოში აქცევს. საქართველოსთვის არც ამ ჩარჩოს მოუტანია შედეგი და 2008 წელს რუსეთის აგრესიისთვის ხელი არ შეუშლია“,-განმარტა ექსპერტმა.
ამირან სალუქვაძე იმედს გამოთქვამს, რომ როდესაც „შეთანხმებიდან გამოსვლის პროცესი ფსკერამდე დავა, შემდეგ ახალი შეთანხმებების გაფორმების პროცესი დაიწყება, რაც ერთი მხრივ მსოფლიოს გლობალურ სტაბილურობას მოუტანს, მეორე მხრივ, გავლენების ხელახალი გადანაწილების კატალიზატორი იქნება, რაც ჩვენნაირი ქვეყნებისთვის საფრთხის შემცველია, განსაკუთრებით იმ ფონზე, თუ რამდენად იზრდება დღეს კავკასიის რეგიონის როლი ზოგადად დასავლეთის და აღმოსავლეთის დაპირისპირებაში“.