“7 წლის შემდეგ საკუთარ მოედანზე ითამაშეს” – ფოთის სტადიონის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა 

პირველად, 7 წლის შემდეგ, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე, პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ფოთის „კოლხეთი 1913“ და საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდის“  შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გულშემატკივრებთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი – ლევან კობიაშვილი, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფოთში ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიას აშენებს, რომელიც ფეხბურთელებს რეგიონის მასშტაბით მოამზადებს.
“მიხარია, რომ მართლაც მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ამ ეტაპზე ძირითადი ტრიბუნა და ბალახის საფარი დასრულდა. ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ, ფოთის საფეხბურთო გუნდი თამაშობს საკუთარ მოედანზე და ეს არის მნიშვნელოვანი, რაც ძალიან მახარებს. ფოთში ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიას აშენებს, რომელიც ხელს შეუწყობს ფეხბურთელებს რეგიონში”,- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

ფოთში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველ ეტაპზე 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა აშენდა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები. ტრიბუნის მიმდებარედ,   1500 კვ. მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო.სამუშაოები კომპანია “ელიტა ბურჯმა“ შეასრულა.
ფოთის სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოყოფს.მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 493 ათას ლარს შეადგენს. პროექტი კიდევ სამი ტრიბუნის აშენებას, სტადიონის ეზოსა და პარკირების ადგილის კეთილმოწყობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები