“ვერაფერი შეუშლის ხელს ჩვენს მუშაობას და ფუნქციონირებას” – ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალურმა დირექტორმა პროკურატურ დატოვა
ტელეკომპანია “ფორმულას” გენერალურმა დირექტორმა პროკურატურა დატოვა. როგორც ზურაბ გუმბარიძემ განაცხადა, მან გამომძიებლის ყველა კითხვას პასუხი ამომწურავად გასცა.
„ის გარემოება, რომ ჩემი დაკითხვა დღეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვს, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას. რაც შეეხება კითხვებს, ეს ეხებოდა იგივე საქმეს, რაზეც წარდგენილი აქვს ბრალი ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილს და კახა დამენიას. ჩემი მხრიდან ამომწურავად გაეცა ყველა კითხვას პასუხი. შესაბამისად, გამოძიებას კითხვები აღარ უნდა დარჩეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ტელეკომპანია „ფორმულას“, თუმცა პირობას ვდებ, „ფორმულა“ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 5 ოქტომბერს გავა საინფორმაციო გამოშვება, ასევე 7 ოქტომბერს დაგვემატება ახალი გადაცემები და პოლიტიკური თოქ-შოუები. „ფორმულა“ არ არის ერთი ადამიანი, ეს არის იდეა, რომლის გარშემოც უამრავი პროფესიონალი გაერთიანდა და ვერაფერი ჩვენს მუშაობას და ფუნქციონირებას ხელს ვერ შეუშლის“, – განაცხადა გუმბარიძემ.
გუმბარიძემ ასევე თქვა, რომ ხელი გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერა, ამიტომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. რაც შეეხება მის ხელმეორედ დაბარებას, როგორც გუმბარიძე აღნიშნავს, ასეთი რამ მისთვის არ უთქვამთ. ასევე არ ყოფილა საუბარი მის ხელმეორედ დაკითხვაზე. მისივე განმარტებით, დღეს ის მოწმის სტატუსით დაკითხეს.
რაც შეეხება ბრალდებული პირების რაოდენობის შესაძლო გაზრდას, გუმბარიძე ამბობს, რომ „გამორიცხული არაფერია“.