გივი თარგამაძე: შოთა ჭიჭიაშვილი ჩემს აფეთქებაშიც მონაწილეობდა, თუმცა მას ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არ აქვს
შოთა ჭიჭიაშვილი ჩემს აფეთქებაშიც მონაწილეობდა, თუმცა მას ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არ აქვს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გივი თარგამაძემ განაცხადა.
“მათი კურატორი იყო თამაზ თამაზაშვილი, როგორც კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი. მისი ბანდის ერთ-ერთი საყრდენი წევრი ახლა იხდის სასჯელს იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ახმეტაში სახლთან დაუდო ასაფეთქებელი. მეორე ბანდის საყრდენი წევრი დიმიტრი აბრამიშვილი, პროკურატურის დადასტურებითვე, მიუხედავად იმისა, რომ ცინიკურად მას ეჭვმიტანილის სტატუსიც კი არ მიანიჭეს, მაგრამ დაადასტურეს, რომ ჩემ აფეთქებაში მონაწილეობდა. ჩემი ინფორმაციით, ის აფეთქების შემდეგ გაემართა მოსკოვში. ის მოსკოვში ჭიჭიაშვილთან ერთად მოღვაწეობდა, იმყოფებოდა უკრაინაშიც. ჩემი მოპოვებული სატელეფონო ნომრების იძულებითი შემოწმების შემდეგ, პროკურატურამ დაადასტურა, რომ რუსული ნომერი აქტიური იყო მხოლოდ ჩემი აფეთქების შემდეგ რამდენიმე საათით. განხორციელდა რამდენიმე ზარი ახმეტიდან და ერთ-ერთი, ვინც რეკავდა, იყო ჭიჭიაშვილის მამა. ჩემი ინფორმაციით, რეკავდნენ ჭიჭიაშვილის დეიდაშვილთან მუსა ხანგოშვილთან, რომელიც ამჟამად იმყოფება ქართულ საპატიმროში. შეუძლია, მასაც ჰკითხონ და ბევრ რამეს გაიგებენ. ის ფაქტი, რომ ჭიჭიაშვილს უკრაინული პასპორტი და გვარი ჰქონდა, ჩემთვის არის უტყუარი დასტური იმისა, რომ მას პერიოდულად რუსეთის ტერიტორიიდან უშვებდნენ უკრაინაში არასასურველი ადამიანების განადგურებისთვის“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქის ლიკვიდირების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ დღეს გაავრცელა. როგორც უკრაინული მედია წერს, საქართველოს მოქალაქემ 10 დღის წინ ორ უკრაინელ სპეცრაზმელს ესროლა და დაჭრა.
შოთა ჭიჭიაშვილს ადამიანების გატაცებისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო 22 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. მან 2013 წლის 3 ივნისს, ამნისტიის საფუძველზე დატოვა საპატიმრო.