მარიამ ჯაში: საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ სამეცნიერო და ოპერატიული კვლევებისათვის უნიკალური მონაცემთა ბაზა შექმნა
აუცილებელია უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რომ საქართველოს გამოცდილების უკეთესად შესწავლით შეიქმნას კვლევებზე დაფუძნებულ მტკიცებულებები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯაშმა, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ჯანდაცვის პოლიტიკისა და კვლევების ალიანსთან და ჯანდაცვის სისტემების გლობალურ ორგანიზაციასთან ერთად ექსპერტთა შეხვედრაზე განაცხადა.
გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველომ ჯანდაცვის პოლიტიკისა და კვლევების ალიანსთან და ჯანდაცვის სისტემების გლობალურ ორგანიზაციასთან ერთად ექსპერტთა შეხვედრას “საყოველთაო ჯანდაცვის მიზნების მიღწევა შეუძლებელია მტკიცებულებების გარეშე” უმასპინძლა.
შეხვედრა გახსნა მარიამ ჯაშმა, საქართველოს პარლამენტის მეცნიერების კომიტეტის ხელმძღვანელის, ჯანდაცვის კომიტეტის წევრისა და ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის რანგში. მისი მოხსენება როგორც საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის წარმატებებს, ასევე აღნიშნული წარმატებისა და არსებული გამოწვევების უკეთესად შესწავლისა და დოკუმენტაციის აუცილებლობას შეეხო.
“საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ შექმნა უნიკალური მონაცემთა ბაზა სამეცნიერო და ოპერატიული კვლევებისათვის. აუცილებელია უნივერსიტეტებთან და საერთაშორისო კვლევით ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაძლიერება, რომ საქართველოს გამოცდილების უკეთესად შესწავლით შეიქმნას კვლევებზე დაფუძნებულ მტკიცებულებები” – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მარიამ ჯაშმა ასევე აღნიშნა, რომ გაერომ უნდა შექმნას ჯანდაცვის რეფორმებისა და პროგრამების შემუშავებისათვის ახალი ტექნოლოგიები, რომელიც დაეფუძნება არსებულ საერთაშორისო მტკიცებულებებს და კონკრეტული ქვეყნების გამოცდილებას.
შეხვედრაზე მოხსენებებით წარდგნენ იუნისეფის ჯანდაცვის პროგრამების დირექტორი სფეტან პიტერსონი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის პროგრამის დირექტორი პროფ. სარა ბენეტი, ინდოეთის ჯანდაცვის ეროვნული სისტემების რესურს-ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რაჯან ვედი და დორის დიუკის საქველმოქმედო ფონდის პროგრამების დირექტორი ლოლა ადედოკუნი.
გაეროში საქართველოს მისიამ ტაილანდთან ერთად უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა გაეროში საყოველთაო ჯანდაცვის პოლიტიკური დეკლარაციის შემუშავების პროცესში, რომელიც 2019 წლის 23 სექტემბერს წარედგინა მსოფლიო ლიდერებს.
მარიამ ჯაში მადლობას უხდის გაეროში საქართველოს მისიის ხელმძღვანელობას საყოველთაო ჯანდაცვის ისტორიული დეკლარაციის შემუშავებაში შეტანილი წვლილისათვის.
აღნიშნულ პროცესს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე ხელმძღვანელობდა. საყოველთაო ჯანდაცვის დეკლარაციის შემუშავებაში ასევე განსაკუთრებული როლი მიუძღვის ელენე აგლაძეს – გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილეს და თამარ ჭელიძეს – გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველს.