NYT: უკრაინის პრეზიდენტის გარდა, დონალდ ტრამპი ზეწოლას ავსტრალიის პრემიერ მინისტრზეც ახდენდა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან სკოტ მორისონთან სატელეფონო საუბრისას მორისონს სთხოვა აშშ-ის გენერალურ პროკურორს უილიამ ბარსს დაეხმაროს ინფორმაციის შეგროვებაში, რომელიც სპეცპროკურორის რობერტ მიულერის დისკრედიტაციას მოახდენდა.
რობერტ მიულერი სპეცპროკურორია, რომელმაც 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის ფაქტებს ორი წლის განმავლობაში იძიებდა. მარტის ბოლოს მიულერმა დასკვნები გენპროკურორს უილიამ ბარს გადასცა, საიდანაც იკვეთება, რომ ,,რუსეთის მთავრობა 2016 წლის არჩევნებში ფართოდ და სისტემატურად ერეოდა”. გამოძიებამ დაადგინა ,,მრავალრიცხოვანი კავშირები რუსეთის მთავრობასა და ტრამპის კომპანიას შორის”. ,,რუსეთის მთავრობა დარწმუნებული იყო, რომ ტრამპის გაპრეზიდენტებისგან სარგებელი ექნებოდა. ტრამპის შტაბის წარმომადგენლები კი, ელოდებოდნენ, რომ არჩევნებს იმ ინფორმაციის დახმარებით მოიგებდნენ, რომელსაც რუსული მხარე უკანონოდ მოიპოვებდა. თუმცა, ამავე გამოძიებაში არ არის პირდაპირი მტკიცებულება იმის, რომ ტრამპის შტაბი რუსეთის მთავრობასთან შეთქმულებაში იმყოფებოდა და მათთან კოორდინაციით მოქმედებდა. მიულერის მოხსენებიდან ასევე დგინდება, რომ მას შემდეგ რაც ტრამპმა შეიტყო, რომ რობერტ მიულერი სპეცპროკურორად დაინიშნა, მან თქვა, ,,ღმერთო, ეს ხომ საშინელებაა. ეს ჩემი პრეზიდენტობის დასასრულია”.
The New York Times წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპმა სწორედ ამ საკითხში დახმარება მოითხოვა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საუბრის მსგავსად, ავსტრალიის პრემიერთან ტრამპს ,,პირადი პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებდა”.
თეთრ სახლში, ასევე იუსტიციის სამინისტროში, გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.
თავის მხრივ, ავსტრალიური ტელეკომპანია მთავრობის პრესსამსახურში წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ტრამპსა და მორისონს შორის სატელეფონო საუბარი ნამდვილად შედგა და რომ ტრამპი მიულერის გამოძიების მიზეზის დადგენას ითხოვდა.
,,ავსტრალიის პრემიერმა საუბარში კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა ამ მიმართულებით თანამშრომლობასთან დაკავშირებით”, – იტყობინება Australian Broadcasting Corp.
ავსტრალიის პრემიერის ოფისში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.