გიორგი ვაშაკიძე: ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ, გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდთან (GGF) თანამშრომლობით, სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, სადაც პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების მოქმედი სქემა და საერთაშორისო კარგი პრაქტიკის სკითხები განიხილეს.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების პოლიტიკასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა, როგორც საშუალო, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

შეხვედრაში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძემ, PwC-ის დირექტორმა და GGF-ის გუნდის ხელმძღვანელმა საქართველოში თამთა შერმადინმა და GGF-ის პროექტის ხელმძღვანელმა, ოლივერ დისმა გახსნეს, მონაწილეობა მიიღეს როგორც სამინისტროს, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

„ჩვენი მიზანია, ჩამოვაყალიბოთ პროფესიული განათლებისა და გადამზადების დაფინანსების ეფექტური მექანიზმები, რითაც ხელს შევუწყობთ პროფესიული განათლების პოპულარობისა და მიმზიდველობის გაზრდას მოსახლეობაში, პროფესიული განათლებისა და გადამზადების ხარისხის გაუმჯობესებას დამსაქმებლების აქტიური ჩართულობის გზით, პროფესიული განათლების სისტემაში დინამიური და დივერსიფიცირებული სერვისების ჩამოყალიბებას, ასევე, უნდა გაიზარდოს ამ სისტემის შიდა ეფექტიანობაც. პროფესიული განათლებისა და გადამზადების პოლიტიკამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, სოციალურ ჩართულობას და მთელი ცხოვრების მანძილზე განათლების უზრუნველყოფას, ასევე, საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის დაახლოებას ევროპის ერთიან საგანმანათლებლო სივრცესთან,“ – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ვაშაკიძემ.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიაში (2017-2021 წწ.) პროფესიული განათლების დაფინანსების ეფექტური მექანიზმების საჭიროება, რამაც თავის მხრივ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის (LLL) პრინციპზე დაფუძნებულ პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა უნდა უზრუნველყოს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. შემოთავაზებულმა დაფინანსების ახალმა მოდელმა პროფესიული განათლების შრომის ბაზრის მოთხოვნებთან დაახლოებასთან ერთად, ხელი უნდა შეუწყოს (ა) დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია; (ბ) დამატებითი დაფინანსების მოძიება; (გ) კერძო სექტორის ჩართულობა; (დ) დაფინანსების ეფექტური განაწილება ინსტიტუტებს, მიმართულებებსა და პროგრამებს შორის; და (ე) პროფესიული განათლების ეფექტიანი მართვა.

PwC-ის საკონსულტაციო პრაქტიკის დირექტორისა და საქართველოში GGF-ის გუნდის ხელმძღვანელის, თამთა შერმადინის თქმით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი ითვალისწინებს დაფინანსების ახალი მოდელის შემოღებას. მისი აზრით, პროფესიული განათლების სისტემა იცვლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის უფრო მოქნილი ხდება, რაც თავის მხრივ მოითხოვს დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმების შემოღებას. პროფესიული განათლების დაფინანსება ეფუძნება ხარჯების განაწილებას სახელმწიფოს, დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის: „დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის მხარდაჭერით ორგანიზებულ საკონსულტაციო შეხვედრაზე მოველით, რომ ამ კუთხით საქართველოსთვის საუკეთესო გადაწყვეტაზე შევჯერდებით, რაც თავის მხრივ უნდა აისახოს პროფესიული განათლების დაფინანსების მთავრობის დადგენილებაში.“ – განაცხადა თამთა შერმადინმა.

სამუშაო შეხვედრა ორგანიზებულია დიდი ბრიტანეთის კარგი მმართველობის ფონდის (GGF) პროექტის – „დაფინანსების დივერსიფიცირებული მექანიზმების შემუშავება საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემისთვის“ ფარგლებში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტექნიკური დახმარების პროექტი ითვალისწინებს პროფესიული განათლების დაფინანსების დივერსიფიცირებული მოდელის შემუშავებას. საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტებისგან შემდგარი გუნდი, მთავარ დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით, სამინისტროს დაეხმარება, შეიმუშაოს დაფინანსების ახალი, დივერსიფიცირებული მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პროფესიული განათლებისა და გადამზადების ეფექტური და ინკლუზიური სისტემის ჩამოყალიბებას. ეს, თავის მხრივ, შესაძლებლობას მისცემს საქართველოს მთავრობას, მიაღწიოს პროფესიული განათლების მიწოდების რაოდენობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებს, ამასთან, შემცირდეს შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან არსებული შეუსაბამობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები