რატი იონათამიშვილი: დღეს შშმ ქალები ორმაგი რისკის ქვეშ არიან, ერთი მხრივ, გენდერულ ჭრილში, მეორე მხრივ, როგორც შშმ პირები

დღეს შშმ ქალები ორმაგი რისკის ქვეშ არიან, ერთი მხრივ, გენდერულ ჭრილში, მეორე მხრივ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. ჩვენი ვალია სწორედ ამ საკითხებზე ვფოკუსირდეთ, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა თემატური მოკვლევის ჯგუფის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისათვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე” – ფარგლებში თვითმმართველობის წარმომადგენლებთან დასკვნითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

„ჩვენ შევქმენით თემატური მოკვლევის ჯგუფი NDI-ისთან ერთად, რადგანაც შშმ ქალთა მიმართულებით ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს დღეს. რომ გადავხედოთ შშმ ქალთა სიცოცხლის საშუალო მაჩვენებლებს, იგი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შშმ მამაკაცთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ვიმსჯელოთ, გამოვკვეთოთ ყველა მთავარი პრობლემა, მოვახდინოთ მათი იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები მისაწვდომობის გასაზრდელად”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

დეპუტატის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის ჯგუფის ფარგლებში, გასვლითი სამუშაო შეხვედრები უკვე რეგიონებშიც გაიმართა შშმ ქალებთან, უფლებადამცველ ორგანიზაციებთან, თვითმმართველობებთან და სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებთან. მისივე განცხადებით, შეხვედრებზე ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც შშმ ქალთა მიმართულებით ქვეყანაში არსებობს. ასევე იმსჯელეს, კონკრეტულად რა სერვისები უნდა დაინერგოს აღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები