2020 წლიდან შსს-ს ყველა თანამშრომელს ხელფასი არანაკლებ 125 ლარით გაეზრდება

შს მინისტრის მოადგილის ლევან კაკავას განცხადებით, 2020 წელს სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალი წლის 1-ლი ივლისიდან სამინისტროს თანამშრომლებს ხელფასი მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ.

ამის შესახებ კაკავამ მთავრობა რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს სამინისტროში 2020 წელს დაგეგმილი პროექტების განხილვისას განაცხადა.
კაკავამ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმები და პროექტები წარუდგინა.

მისი განცხადებით, „2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს სისტემური განახლების პროცესს. ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ღონისძიებების გაძლიერება, საპოლიციო სერვისების და ინფრასტრუქტურის განვითარება და განსაკუთრებით პოლიციელების ფინანსური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, 2020 წლის პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება, არანაკლებ, 125 ლარით. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტი. მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარეობს ბინათმშენებლობა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით და გაგრძელდება ეს პროექტი.

2020 წელს დაგეგმილია, ასევე ახალი საპოლიციო შენობების მშენებლობა, მეხანძრე-მაშველებისთვის სახანძრო მანქანების ახალი სადგომების (დეპ-ების) მშენებლობა. გაიხსნება თბილისში ასევე ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტებით. გაგრძელდება საპოლიციო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლება. ასევე, სათანადო ყურადღება დაეთმობა ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკის განვითარებას. მოგეხსენებათ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საგზაო უსაფრთხოების მიზნით, არამედ მართლწესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის,”- განაცხადა ლევან კაკავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები