ირაკლი ზარქუა ტაქსების რეფორმაზე: ოპოზიცია არაკვალიფიციურია და ციფრებში ვერ ერკვევა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციის განცხადებებს ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, არაკვალიფიციური უწოდა.

მისი თქმით, ოპონენტები არაკომპეტენტურები არიან და ციფრებში ვერ ერკვევიან.

„დაახლოებით 27 ათასზე მეტმა ტაქსის მძღოლმა გაიარა რეგისტრაცია და აიღო ლიცენზია. აქედან, დაახლოებით 29%-მა ვერ გაიარა ტექდათვალიერების შესაბამისი სტანდარტი, რაც დედაქალაქში არსებობს. რჩება დაახლოებით 20 ათასი რეგისტრირებული ტაქსი. არსებობს 2 კატეგორია – A კატეგორია, რომელიც იმ ტაქსს მიენიჭება, რომელიც ყველა დაწესებულ სტანდარტს აკმაყოფილებს და B კატეგორია, რაც ნიშნავს, რომ მძღოლს შეუძლია ყოველგვარი ტრაფარეტის გარეშე გამოძახებებზე იმუშაოს,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ინფორმაციით, ამ რეფორმის მთავარი იდეა არის ის, რომ ჩვენი დედაქალაქის მცხოვრებლებს და ტურისტებს ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და კომფორტული ტაქსი მოემსახუროს. მისივე თქმით, ამისთვის, მუნიციპალიტეტმა არაერთი შემხვედრი ნაბიჯი გადადგა- გადაღებვის და ქიმწმენდის ვაუჩერები უფასოდ დარიგდა. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლები ბენეფიტებითაც სარგებლობენ- ეს არის დედაქალაქის მასშტაბის 500-მე უფასო პარკინგის ადგილი, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება, ასევე სარეკლამო შემოსავლებით სარგებლობა.

ოპოზიციის განცხადებაზე, რომ ტაქსების რეფორმა ჩავარდა და ეს ინიციატივა მხოლოდ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებისთვის იყო დაყენებული, ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ეს ბრალდება არაადეკვატურია. მისივე ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი ტაქსის მძღოლებთან მაქსიმალურ დათმობებზე წავიდა.

„ყველა პირობაა შექმნილი, რომ დედაქალაქში სუფთა, უსაფრთხო და მოწესრიგებული ტაქსი მოძრაობდეს და ამ რეფორმას ბოლომდე მივიყვანთ. რეფორმის ყველა პუნქტი გავლილია დასაქმებულებთანაც და ექსპერტებთანაც,“- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ტაქსების რეფორმა წარმატებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები