უჩა ნანუაშვილი: სასამართლო ხელისუფლება ღრმა კრიზისშია, მოსამართლეთა შერჩევის პროცესიც ამას აჩვენებს

შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო ხელისუფლება ღრმა კრიზისშია, მოსამართლეთა შერჩევის პროცესიც ამას აჩვენებს, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

ნანუაშვილმა პარლამენტში მიმდინარე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენის პროცესი შეაფასა.
მისი თქმით, სასამართლო სისტემაში საკმაოდ სერიოზული გამოწვევებია.

„პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველად ხდება ასეთი საჯარო პროცესის დაწყება, როცა ყველას აქვს შესაძლებლობა მოსამართლეობის კანდიდატს დაუსვას კითხვა და ვფიქრობ, ეს ძალინ მნიშვნელოვანია. მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენ ამ პროცესების შედეგი დავინახოთ, ანუ ამ განხილვებს მოჰყვეს კონკრეტული შედეგი.
დავინახეთ, რომ საკმაოდ სერიოზული გამოწვევებია სასამართლო სისტემაში, ძალიან დიდი პრობლემები დგას. ეს ეხება როგორც მოსამართლეთა კეთილსინდისიერებას, ასევე კომპეტენციას და ამ კუთხით არაერთ კანდიდატთან დაკავშირებით გაჩნდა ბევრი კითხვის ნიშანი. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ეს კრიტერიუმები იყოს გათვალისწინებული, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ანუ რამდენად არიან კომპეტენტურები ის კანდიდატები, რომლებიც გასაუბრებაზე იყვნენ გამოსულები, რამდენად არიან კეთილსინდისიერები, ასევე მათი წარსულია ძალიან მნიშვნელოვანი.
მთლიანობაში სასამართლო ხელისუფლება შეიძლება ითქვას, რომ არის ღრმა კრიზისში, ეს პროცესიც აჩვენებს ამას. შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარ რეანიმაციაშია სასამართლო და ამ ყველაფერს სჭირდება სწორი დიაგნოზი, სწორი მკურნალობა, შემდეგ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ხელისუფლების მხრიდან.
სამწუხაროდ, კანდიდატების უმეტესობაში ვერ დავინახე ის მთავარი კრიტერიუმები, რომლებზეც ახლა ვსაუბრობ. ანუ დავინახე, რომ რეალურად იმ ძველი სისტემის წარმომადგენელია ძალინ ბევრი კანდიდატი“- განაცხადა ნანუაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც საერთო სასამართლოებში კლანური მმართველობის შეფასებას შეეხება.

“ძალიან მნიშვნელოვანია შეფასდეს ის მდგომარეობა, რომელიც სასამართლოს სისტემაშია შექმნილი. სამწუხაროდ, ეს დღემდე არ არის შეფასებული და ამის გამოა ის პრობლემები, საკითხები, რომლებიც დღეს დგას. ვფიქრობ ამ შეფასების გარეშე ვერ მივიღებთ მდგომარეობის გაჯანსაღებას. მნიშვნელოვანი იყო ეს მომხდარიყო წლების წინ, თუნდაც 6-7 წლის წინ. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა არაერთი მცდელობის მიუხედავად. მაგრამ, იქნებ დღეს მაინც მოხდეს იმ ნაბიჯის გადადგმა , რომ რეალურად შეფასდეს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები“- განაცხადა ნანუაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები