საქართველო აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ერთ -ერთ მსხვილ იმპორტიორად რჩება

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აზერბაიჯანში 122 763,5 ტონა, ანუ 67 მილიონ 670 ათასი დოლარის, ნავთობპროდუქტები შეიძინა. ამ მაჩვენებლით საქართველო აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ხუთეულში შედის, სადაც პირველ ადგილზე რუსეთია, მეორეზე თურქეთი, მესამეზე შევეიცარია, მეოთხეზე საქართველო და მეხუთეზე იტალია. აზერბაიჯანის კომუნიკაციებისა და ეკონომიკური რეფორმების ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ- აგვისტოში ნავთობპროდუქტების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა აზერბაიჯანში 1,277 მილიარდი დოლარს მიაღწია. გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით ზრდამ 17 %, ანუ 184 მილიონი დოლარი შეადგინა. ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ აგვისტოში ნავთობპროდუქტების ექსპორტმა 144,4 მილიონ დოლარი შეადგინა. გასული წლის აგვისტოსთან შედარებით ნავთობპროდუქტების ექსპორტი 15 %-ით არის გაზრდილი. მთლიანად მიმდინარე წლის იანვარ -აგვისტოში აზერბაიჯანული პროდუქციის ექსპორტი პარტნიორ ქვეყნებში 663 მილიონი დოლარით გაიზარდა და 13,5 მილიარდ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები