“კოლაბორაციონიზმი სირცხვილია” – საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან
ამ წუთებში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია “კოლაბორაციონიზმი სირცხვილია” მიმდინარეობს. პროტესტანტები საგარეო საქმეთა მინისტრისგან და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვენ განმარტებას, თუ რატომ შედგა ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა ჟენევის მოლაპარაკებისგან განსხვავებულ – პირისპირ ფორმატში, ასევე რატომ არ იყო კომუნიკაცია საქართველოს მოსახლეობასთან ამ შეხვედრასთან დაკავშირებით.
აქციაზე მონაწილეობას იღებენ ,,რუსეთი ოკუპანტია” და მოძრაობა ,,სირცხვილიას” წევრები, ისინი ტრანსფარანტებით – “კოლაბორაციონიზმი სირცხვილია” დგანან საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
შეგახსენებთ, 26 სექტემბერს, დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტიდან 11 წლის შემდეგ, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. წლების მერე პირველი შეხვედრა ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში შედგა.