ქობულეთში გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 3 წელია რემონტდება

ქობულეთში გზის 5 კილომეტრიანი მონაკვეთი 3 წელია რემონტდება, ამ მიზეზით აჭარაში გზის ერთსა და იმავე მონაკვეთზე ტენდერი ორჯერ ჩატარდა. დახარჯულია ორი მილიონი ლარი, თუმცა დაწყებული და დაუსრულებელი სამუშაოების გამო მოსახლეობა ისევ გზის გარეშეა დარჩენილი.

ცნობილია აუდიტის სამსახურის დასკვნაც: შესრულებული სამუშაო მოთხოვნებს არ შეესაბამება. მაკონტროლებელმა ორგანომ ასევე დაადგინა, რომ არ ჩანს, სად წავიდა ასი ათასობით ლარი.

,,ფაქტობრივად, განხორციელებული სამუშაოს მოცულობები ხელშეკრულების პირობებსა და მიღება-ჩაბარების აქტებში ასახულ მოცულობებს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი სამუშაოები პროექტთან შეუსაბამობაშია განხორციელებული,”- განაცხადა სახელმწიფო აუდიტის აჭარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კახა კორტავამ.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის იურიდიული სამსახურის უფროსის მალხაზ ბოლქვაძის განმარტებით, ისინი შესაბამისი სპეციალისტების აზრს ეყრდნობიან.

,,სპეციალისტები, პირველ რიგში გეოლოგიური სამსახური ამბობს, რომ გზების დაზიანება უხვი ნალექის გამოა გამოწვეული,”- აღნიშნა ბოლქვაძემ.

აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე თანაგუნდელების გათავისუფლებას არ გეგმავს, მისი თქმით საქმესთან დაკავშირებით გამოძიება ყველაფერს გაარკვევს.

,,ხელს არასდროს არავის არ ვაფარებთ, თუ არის დარღვევები, თუ არის კითხვები, ამ კითხვებს აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი. შესაბამისი რეაგირებაც იქნება,”- განაცხადა რიჟვაძემ.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები