ვარკეთილში კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს
ვარკეთილის მესამე მიკრორაიონში, სადაც კორპუსის ნგრევის საშიშროების გამო მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, დილიდან სპეციალისტები და 112-ის წარმომადგენლები არიან მობილიზებულები, კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები უკვე დაწყებულია.
სადარბაზო, რომლიდანაც გუშინ 18 ოჯახი გამოიყვანეს, კვლავ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და მასში გადაადგილება მხოლოდ სპეციალისტებს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს შეუძლიათ.
ოჯახებმა, რომლებსაც საკუთარი სახლების დატოვება მოუხდათ, ღამე სასტუმროში გაატარეს. რაც შეეხება კორპუსში მიმდინარე სამუშაოებს, უკვე გამაგრდა რამდენიმე სართულის კიბეები. ადგილზე იმყოფებიან გამგეობის წარმომადგენლებიც.
„შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. კიბის უჯრედები გამაგრებულია შესაბამისი დგარებით. კორპუსის ჩამოშლის საშიშროება არ არის. დაიწყება საძირკვლის კვლევა, რის შემდეგაც კარკასული გამაგრება მოხდება. ამ სამუშაოების დასრულების შემდეგ მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნდება“, – განაცხადასამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ.