მარიამ ჯაში: იაპონიის და საფრანგეთის საგარეო უწყებები მადლობას უხდიან საქართველოს, ინოვაციური დაფინანსების დიალოგში შეტანილი წვლილისთვის

მარიამ ჯაში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევით, მაღალი დონის შეხვედრაზე მოხსენებით წარდგა, როგორც ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს ყოფილი პრეზიდენტი.
საქართველოს შემდეგ, პარიზში, საფრანგეთის საგარეო უწყების ბაზაზე მოქმედი ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი იაპონია გახდა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით.
ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ იაპონიის, საფრანგეთის, ნორვეგიის, შვედეთისა და მალის მთავრობის წევრები, გაეროს სააგენტოების (UNICEF, UNDESA, UNDP, IDAF), ევროკავშირის, OECD-ის მაღალი რანგის პირები და გაეროში აშშ-ის, კანადის, გერმანიისა და სხვა სახელმწიფოთა მუდმივი წარმომადგენლობის ელჩები და მრჩევლები.
ინოვაციური დაფინანსება გაერომ და საერთაშორისო თანამეგობრობამ უმნიშვნელოვანეს მექანიზმად აღიარეს, 2030 მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. 26 სექტემბრის მაღალი დონის შეხვედრაზე  სახელმწიფოთაშორისი და გაეროს სააგენტოთაშორისი კოორდინაციის გაძლიერებისათვის გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

მარიამ ჯაშმა ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოში გამართული საერთაშორისო ფორუმის რეკომენდაციები (TISIFF Recommendations) წარადგინა.
შეხვედრაზე განსაკუთრებით აღინიშნა საფრანგეთის ლიდერობა და პირადად საფრანგეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრისა და გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის, ფილიპ დუსტე-ბლაზის როლი. ბატონი დუსტე ბლაზის მიერ წამოწყებულია არაერთი ინიციატივა და მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია UNITAID-ის დაფუძნება 2006 წელს. UNITAID-ის ფარგლებში, საფრანგეთმა და რამდენიმე სხვა სახელმწიფომ საერთაშორისო ფრენების ღირებულებას  სოლიდარობის გადასახადი დაამატა. ამ ინიციატივის შედეგად, 10 წელიწადში, 4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი რესურსი იქნა მობილიზებული და  შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის სამკურნალო პრეპარატები მსოფლიო მასშტაბით, 300 მილიონზე მეტ ადამიანს მიეწოდა.

იაპონიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე საგანგებო ყურადღება გაამახვილეს საქართველოს დამსახურებაზე და  საქართველოს, ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადეს.

რა წვლილი მიუძღვის საქართველოს ინოვაციური დაფინანსების გლობალურ დიალოგში?
1. 2014 წელს, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველო ქმნის სოლიდარობის ფონდს – ინოვაციური დაფინანსების ეროვნულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს საჯარო სექტორში დასაქმებულ 60,000-ზე მეტ მოხელეს და 500-ზე მეტ კომპანიას. სოლიდარობის ფონდმა, დაფუძნებიდან დღემდე, 17 მილიონი ლარი მოიზიდა და სიმსივნით დაავადებული 685 ბავშვს გაუწია სასიცოცხლო მნიშვნელობის დახმარება.
2. 2015 წელს, საქართველო ხდება საფრანგეთში მოქმედი გლობალური სამდივნოს წევრი და მასპინძლობს თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების პირველ საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2015).
3. თბილისის პირველი ფორუმის რეკომენდაციები ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს მთავარი სამოქმედო პლატფორმა ხდება (TISIFF Recommendations).
4. 2017-2018 წლებში, საქართველო ხდება ინოვაციური დაფინანსების სამდივნოს პრეზიდენტი და გაეროს გენერალური ასამბლეების ფარგლებში, ნიუ-იორკში, საფრანგეთთან და გერმანიასთან ერთად,  სამ მაღალი დონის შეხვედრას მასპინძლობს.

5. 2018 წელს, საქართველო ორგანიზებას უწევს თბილისის სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების მეორე საერთაშორისო ფორუმს (TISIFF 2018), რომელზეც 17 ქვეყნის წარმომადგენლები და საერთაშორისო ორგანიზაციები შეიმუშავებენ ინოვაციური დაფინანსების სფეროს გასაძლიერებლად გაეროში წარსადგენ ახალ რეკომენდაციებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები