საქართველომ და აზერბაიჯანმა საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობა განაახლეს

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა შეხვედრის მეორე ეტაპი 2019 წლის 23 სექტემბერს დაიწყო.
მოლაპარაკების ფარგლებში, ორი ქვეყნის კომისიების ექსპერტები დაათვალიერებენ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს (მე-15, მე-16, მე-17 (სოფელ ერისიმედის ტერიტორია), მე-18, მე-20, 22-ე და 24-მონაკვეთები)) და ჩაატარებენ გეოდეზიურ აზომვით სამუშაოებს. საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების ექსპერტთა პირველი შეხვედრა მიმდინარე წლის 19-23 აგვისტოს პერიოდში გაიმართა.
ექსპერტების მიერ სამუშაოები დაგეგმილია 27 სექტემბრისთვის, რომლის შემდგომ, ექსპერტთა მუშაობის შედეგები განსახილველად წარედგინება საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიების მომდევნო სხდომას, რომელიც გაიმართება ქ. თბილისში ახლო მომავალში. კომისიის ჩატარების ზუსტი თარიღი მხარეებს შორის შეთანხმდება დიპლომატიური არხების მეშვეობით.
დამოუკიდებლობის აღდგენიდან 28 წლის შემდეგ, 2019 წლის მდგომარეობით, საქართველოს 4 სახმელეთო მეზობლიდან ზუსტი საზღვარი მხოლოდ ერთთან – თურქეთთან აქვს დადგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები