“ერთი ჩვეულებრივი გლეხი ვარ, რომელიც თავის საქმეს აკეთებს” – ნიქოზელი მეურნე, რომელმაც განათლება კალიფორნიაში მიიღო და ე.წ საზღვრის პირას, მრავალმილიონიან პროექტს ახორციელებს

“კვირა” გორის მუნიციპალიტეტის საზღვრისპირა სოფელ ნიქოზში მცხოვრებ გია მჭედლიძეს ეწვია. ჩვენი რესპოდენტის 120 ჰექტარზე განთავსებულ სანეგრე და აგვრომეურნეობა რუსი ოკუპანტების მიერ გავლებულ მწვანე ფერის ლითონის კონსტრუქციებს ესაზღვრება, თუმცა ოკუპაცია ჩვენს რესპოდენტს სულაც არ უშლის ხელს მრავალმილიონიანი პროექტის განცხორციელებაში.

მისთვის რუსული ოკუპაცია და ქართულ-ოსური ურთიერთობები ძალიან რთული თემებია. პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთ საშუალებად, სახალხო პოლიტიკასა და ძლიერ ეკონომიკას მიიჩნევს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ე.წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე მრავალმილიონიანი “ოაზისის” მოწყობა, სადაც მის მიერ გამოყვანილ ვაშლის ექსკლუზიურ ჯიშებს, რამდენიმე ჰექტარზე “ჯარისკაცებივით” ჩამწკრივებულ ნუშის, კაკლის ხეებს, უნიკალურ ქართულ ვარდს შეხვდებით.

როგორც გია მჭედლიძე აღნიშნა, 2020 წელს ნიქოზში ​ აგრომეურნეობის სრული კომპლექსი იქნება​ წარმოდგენილი​, საჯირითო მოედნით, სასტუმროთი და რესტორნით. ექსკლუზიურად, მხოლოდ აქ იქნება წარმოდგენილი მსოფლიოში ცნობილი ბრენდები.

დაუჯერებელია, რომ ეს ყველაფერი მცოცავი ოკუპაციის ფონზე, ე.წ სასაზღვრო ზოლთან ხდება. ყოველდღიურ რეჟიმში, გია მჭედლიძე საოკუპაციო ბანერის ქვეშ თავის 20-კაციან მუშახელთან ერთად, “ოაზისს” აშენებს.

-მოგვიყევით თქვენ შესახებ.
-რა მოგიყვეთ? მე ვარ ერთი ჩვეულებრივი გლეხი, რომელიც აკეთებს თავის საქმეს. 1974 დავიბადე ნიქოზში, ჩემი ცხოვრების 10 წელი ცხინვალთანაა დაკავშირებული. 10 წლის მანძილზე, ფეხით დავდიოდი ცხინვალის მე-4 სკოლაში. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე, შემდეგ წავედი ამერიკაში განათლება კალიფორნიაში, დევისის უნივერსიტეტში, აგრონომიის კუთხით მივიღე. პრაქტიკული გამოცდილება უნივერსიტეტის საცდელ ბაზაზე, აგრონომიიის წამყვან ბაზაზე მივიღე. დავიწყე დამოუკიდებლად მუშაობა კალიფორნიის ისეთ შტატებში, სადაც არ იყო განვითარებული მრავალწლიანი კულტურა, არ იყო მოყვანილი კაკალი და შევძელი კაკლის გახარებაც.

18 წელის გავატარე ამერიკაში და დღე არ გასულა ჩემს სოფელზე არ მეფიქროს. ყოველდღიურად ჩემს გონებაში ვწერდი, თუ რა უნდა გამეკეთებინა ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა ვართ. 4 წლის წინ, დადგა ნანატრი წუთები – მე დავბრუნდი ჩემს სოფელში და დავიწყე 18-წლიანი გამოცდილების ჩემი ხალხისთვის გაზიარება, ჩემს მშობლიურ მიწაზე რეალიზება.

თავდაპირველად, როდესაც ჩემს მეგობრებსა და თანასოფლელებს ვთხოვე მიწების გათხრა, არ მიჯერებდნენ, ეგონათ, რომ ემიგრაციიდან ჩამოსულს, მრცხვენოდა მათთვის თანხის ჩუქება და მიზეზს ვეძებდი, მაგრამ დღეს ჩვენ ერთი გუნდი ვართ და გვჯერა, რასაც ვაკეთებთ.

იცით, ჩვენ დიდი ოჯახი ვართ, რომელსაც არაფრის ეშინია. გვაერთიანებს დიდი ტკივილი – 90-იანი წლების ცხინვალის ომი, დაკარგული ვაჟკაცები. ყველაფერს, რასაც აქ ხედავთ, სწორედ ჩვენი დაღუპული ვაჟკაცების სახელის უკვდავსაყოფადაა, მათი შვილების უკეთესი ხვალინდელი დღისთვის.

-როგორი იქნება ამ პროექტის დასრულებული სახე?
-ეს იქნება აგროტურიზმის სრული კომპლექსი. ჩვენი საცდელი მეურნეობა გათვლილია უცხოელ ტურისტზე, მაგრამ ჩვენთვის პრიორიტეტული მაინც ქართველია, ანუ, პირობითად, აქ მოდის ქართველი ოჯახი, მათ ხვდებათ ყველანაირი ხე, ყველა ფორმაში წყალი, როგორც საცურაოდ, ასევე სანაოსნოდ, ყველაზე მთავარი ნატურალური საკვები პროდუქტი, სურნელება ქართული ვარდის, ყაყაჩო, ნატურალური ღვინო და ნუშის პროდუქციის ფართო სახეობები.

ყველაზე საინტერესო აქ იქნება საცდელი მეურნეობა, სადაც ჩვენ მიერ დატრენინგებული ადგილობრივი პროფესიონალები აჩვენებენ და ასწავლიან მიწის სიყვარულს, ნერგის განაშენიანების პროცესს. მოეწყობა ჩოგბურთის ორი სათამაშო მოედანი, ორი საცურაო აუზი, ხელოვნური ტბა, 10 ჰექტარზე წარმოდგენილი იქნება “შავკაპიტუს” უიშვიათესი ხეივანი, 90 ჰექტარზე განაშენიანდება ნუშის ბაღი და ამუშავდება ნუშის ფქვილის საწარმო. წარმოდგენილი იქნება უამრავი სხვადასხვა ფუნქციის შენობა -ნაგებობა.

უკვე დავრგეთ 4000 ხე, რომელიც იქნება ქარსაცავი ზოლი. ვაპირებთ მოვაწყოთ ვოლიერებიც, სადაც ქართული ნაგაზის სახეობები გვეყოლება. აქედან წასულ ადამიანს უნდა გაუჩნდეს ერთადერთი გრძნობა – ნოსტალგია, რომ დაბრუნდეს ნიქოზში. ჩვენ უნდა დავანახოთ, ჩვენს შვილებს, რომ ეს მწვანე ღობე, რომელიც ოკუპანტებმა გაგვივლეს, ვერაფერს დაგვაკლებს და ამისი პასუხი სწორედ ძლიერი ეკონომიკა და სამშობლოს სიყვარულია. დადგება დრო, როდესაც ჩვენო ოსი მოძმეები თავისი ხელით აშლიან ამ ღობეს.

– ე.წ სასაზღვრო ზოლის მიჯნაზე ახორციელებთ მრავალმილიონიან პროექტს. თუ გქონიათ შიშის განცდა, რომ შესაძლებელია, ეს ყველაფერი მცოცავი ოკუპაციის მსხვერპლი გახდეს?

-მე დასაკარგი არაფერი მაქვს, თუ ფინანსებს გულისხმობთ, ეს არაფერია. ყველაზე მთავარი 90-იან წლებში და აგვისტოს ომის დროს დავკარგე – ჩემი ძმები, ჩემი დაღუპული ჯარისკაცები. რასაც ხედავთ, ეს ყველაფერი ჩემი ფინანსებით გავაკეთე, არ მიმიღია არცერთი გრანტი. პირველ წელს დავიწყეთ მინიმალურით, მომდევნო წლებში კი ჩვენი ხელებით მოყვანილი მოსავალი გახდა დამფინანსებელი. გარდა ამისა, ამერიკაში 18 წლის განმავლობაში აღებული ჩემი ჰონორარები და დედაქალაქში ჩემს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება სწორედ ამ ყველაფრის შექმნას მოვახმარე. ჩემი სოფელი და ჩემი მიწაა ჩემი ცხოვრებაა. რომელ შიშზე ლაპარაკობთ, მე ჩემს მიწაზე ვდგავარ, რას მიზამენ, რას უზამენ ჩემს ხეებს? ე.წ საზღვრის იქით მოაქცევენ? გადავხტები, ისევ ისე მოვუვლი და მოვეფერები ჩემს ხეებს. რამდენჯერაც გამიბამენ ღობეს, იმდენჯერ ჩავჭრი. ახლა ამაზე ფიქრის დრო არაა, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ამ ღობეს თავადვე აიღებენ. მე იქ ვდგავარ, სადაც უნდა ვიდგე და სხვაგვარად არ შემიძლია.

-მოგვიყევით თქვენი უნიკალური ნერგებისა და მრავალწლიანი კულტურის შესახებ.
– მე და ჩემი ბიჭები ნოვატორები ვართ კაკლის დამყნობაში. პირველად სწორედ მე შემოვიტანე საქართველოში კაკლის ღია კუნძზე დამყნობის ტექნოლოგია. ჩემი გამოცდილება ადგილობრივ ახალგაზრდებს გავუზიარე და დღეს ისინი საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით, მიწვეულები არიან ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ფაქტობრივად, დავიწყეთ ნულიდან და დღეს ჩვენ უკვე გვაქვს შედეგი. ვფიქრობ, რომ ეს სანერგე მეურნეობა 10 წლის შემდეგ აუცილებლად მიაღწევს 18 000 000 ლარის ბრუნვას. ყველაფერი ეს მხოლოდ ჩვენი შრომის შედეგია. განა არ შეგვიძლია ტექნიკის შეძენა, მაგრამ ჩემი და ჩემი ბიჭების მთავარი პრინციპი ხელით მუშაობაა, რათა უკეთ შევიგრძნოთ ჩვენი მიწის სიყვარული და სიტკბო. დროთა განმავლობაში, ჩვენ კიდევ უფრო გავფართოვდებით.

ეს ღობე კი დროებითია. მაგალითად, ნეიტრალურ ტერიტორიაზე არსებულ 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩვენი ოსი მოძმეები ამუშავებდნენ, წელს ჩვენ ვამუშავებთ. დიახ, ჩვენ ავუხსენით, რომ ეს 50 ჰექტარი ჩვენი იყო და მათაც დათმეს. წელს ამ ტერიტორიას ჩვენ ვამუშავებთ. ესაა სახალხო დიპლომატია, რომელიც კონფლიქტების დარეგულირებაში ყველაზე ეფექტურია. ჩვენ გვაქვს ჩვენს ოს ძმებთან ურთიერთობა, ინტენსიურად ვაწვდით მათ ჩვენ მიერ გამოყვანილ ნერგებს. ამ დროისთვის, ნუშის ნერგები 20 ჰექტარზე გვაქვს გაშენებული, უახლოეს პერიოდში კი 70 ჰექტარის დამატებას კიდევ ვაპირებთ.

აქ იქნება ნუშის საწარმო, ნუშის რესტორანი და ნუშის პროდუქციის ნაირსახეობა. ჩვენი ნუშის მოსავალი გადის ყაზახეთისა და დუბაის ბაზარზე, უახლოეს პერიოდში, ჩვენი საფირმო მაღაზია წარმოდგენილი იქნება მიუნხენში, აზიურ და ევროპულ ბაზრებზე ჩვენი ნუშის პროდუქციის ემბლემა კავკასიონის მესამე მწვერვალი იქნება.

ასე რომ, კართან მომდგარი ოკუპაცია სულაც არაა ხელშემშლელი ქვეყნის განვითარებისთვის. ქვეყნის სიყვარული და შრომა ე. წ საზღვრად წოდებულ ზოლსაც თავისთავად გააქრობს.

ნინო ბერძენიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები