სავალ მირზოევი: მჯერა, რომ ქართველებთან ერთად სწორედ არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ

0

მჯერა, რომ ქართველებთან ერთად სწორედ არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ, – ამის შესახებ  პარლამენტის წევრმა, სავალ მირზოევმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდეულია ფლობდეს ქართულ ენას.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია ფლობდეს ქართულ ენას. უნდა გვესმოდეს – იცოდე სახელმწიფო ენა, ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვანია ისეთ მრავალეროვან ქვეყანაში, როგორიც ჩვენი საქართველოა. თუ არ იცი სახელმწიფო ენა, დისტანცირებული ხარ საზოგადოებრივ ცხოვრებას, მონაწილეობას ვერ იღებ ქვეყნის აღმშენებლობაში, არ ხარ ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. საბედნიეროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ სახელმწიფო ენის შესწავლას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო. მე, როგორც აზერბაიჯანელი, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით, თავის დროზე, პრობლემებს ვაწყდებოდი, ახლა კი ეს პრობლემები აღარ არსებობს და სახელმწიფო მაქსიმალურად უწყობს ხელს ყველას, ვისაც კი სურვილი აქვს, ენა ისწავლოს. მე არ მეგულება საქართველოს არცერთი მოქალაქე, რომელსაც არ სურდეს, იცოდეს სახელმწიფო ენა და ამ მიმართულებით დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებს თავისი სერიოზული დადებითი შედეგი მოჰყვა. გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რომელსაც წარმოვადგენ პარლამენტში, ქართული ენის მცოდნეთა რიცხვი გაზრდილია აზერბაიჯანულ მოსახლეობაში.

მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მე და ჩემი კოლეგები, ასევე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები მუდმივად ხაზს ვუსვამთ ქართული ენის ცოდნის მნიშვნელობას და მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით ხვდება ჩვენს მოწოდებას. მომავალი თაობა მაქსიმალურად ცდილობს არა მხოლოდ სასაუბრო არამედ გრამატიკული ქართული ისწავლოს, ქართული ენის ცოდნა არამარტო საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ ეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვისაც უმნიშვნელოვანესია. დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში საქართველოში არ იქნება რეგიონი და არ იქნება სოფელი, სადაც ქართულ ენაზე არ ისაუბრებენ. მჯერა, რომ ქართველებთან ერთად სწორედ არაქართველი მოსახლეობა მიიღებს აქტიურ მონაწილეობას ისეთი ქვეყნის მშენებლობაში, როგორზეც ყველა ვოცნებობთ”, – განაცხადა სავალ მირზოევმა.

კომენტარები

კომენტარი