“დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველი იქნება, რომელსაც მომავალი თაობების აღზრდაში იგივე მისია ექნება, რაც თავის დროზე სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა”

0

ექსპერტი საბანკო და საფინანსო საკითხებში გიორგი ცუცქირიძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას სოციალურ ქსელში აფასებს.

„ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობაში ფონდ „ქართუს“ მიერ ჩადებული 1 მილიარდ ევროზე მეტი, ბევრად მეტია ვიდრე ერთი, თუნდაც უკანასკნელი ათწლეულის ყველაზე დიდი ინვესტიცია. მიმაჩნია, რომ ეკონომიკაზე სარგებლის მოტანის თვალსაზრისით, იგი გაცილებით მეტ „არაპირდაპირ“ ეფექტსაც მოიტანს, ვიდრე თუნდაც სამხრეთ კავკასიური მილსადენის სისტემის გაფართოების პროექტი იყო. ბუნებრივია, არავინ აკნინებს, „ბრიტიშ პეტროლეუმის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის სტრატეგიულ ხასიათს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. ეს იყო და არის უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური დატვირთვის მატარებელი ენერგოდერეფანი, მაგრამ მაინც კომერციული პროექტია.
„ქართუს“ ინვესტიცია უპრეცედენტოა იმ თვალსაზრისითაც, რომ არ არის წმინდა კომერციული ბიზნესმოდელი. ის არ არის მიმართული მოგების მიღებაზე და დივიდენდებზე. წმინდა ეკონომიკური სარგებლის კუთხით, ასეთი მასშტაბური ინვესტიცია განათლებაში გაცილებით გრძელვადიან სარგებელს მოგვიტანს, რადგან ეს არის ინვესტირება მომავალში! ამ შემთხვევაში მთელი „არაპირდაპირი“ ეფექტი რჩება ინვესტიციის მიმღებ ქვეყანას. ეს არ არის მორიგი და ერთი რიგითი უმაღლესი სასწავლებელი, რომლებიც ისედაც საკმარისზე მეტია. მჯერა, გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი იქნება პირველი უნივერსიტეტი, რომელსაც მომავალი თაობების აღზრდაში იგივე მისია ექნება, რაც თავის დროზე სახელმწიფო უნივერსიტეტს ჰქონდა. რატომ ვფიქრობ ასე:
– ეს არის კერძო ფონდის მიერ განხორციელებული პირველი მსხვილი ინვესტიცია განათლებაში, რომლის ანალოგიც არა თუ საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც ძნელად თუ მოიძებნება- მას ექნება საერთაშორისო სტატუსი და მოიზიდავს სტუდენტებს, როგორც რეგიონის, ასევე განვითარებადი ქვეყნებიდან, რაც საქართველოს საერთაშორისო პრესტიჟზე მხოლოდ დადებითად აისახება- ამერიკული წამყვანი უნივერსიტეტების დიდი ნაწილიც ძირითადად კერძო პირებისა და ფონდების მხარდაჭერით ფინანსდება, ხოლო ბიზნესმოდელი არა მოგების კონტრიბუციაზე, არამედ განვითარებაზე და ახალი პროგრამების დანერგვაზეა ორიენტირებული. ამ უნივერსიტეტის შემთხვევაშიც ასე იქნება, როდესაც ჩინეთის ეკონომიკურ სასწაულზე საუბრობენ, ნუ დაგვავიწყდება, რომ დღეს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ასეულში რამდენი ჩინური სახელმწიფო უნივერსიტეტია;- თუ გავითვალისწინებთ, რომ ინვესტიციებს ახასიათებს მულტიპლიკატორის ეფექტი (გარკვეულ დარგში მიმართული ინვესტიციები იწვევენ მომიჯნავე დარგების განვითარებასაც), განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია;- ევროპული დონის განათლება, მით უმეტეს ტექნოლოგიური პროფილით, საშუალებას მოგვცემს თუნდაც 5-10 წლიან პერსპექტივაში, ვიქცეთ კონკურენტუნარიან ქვეყნად და შემდგარ საზოგადოებად;- სწორედ განათლებაში ჩადებული ინვესტიციებით გახდნენ წარმატებული ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, იაპონია, ჩინეთი, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები და სამხრეთ კორეა;- მაღალ კვალიფიციური სამუშაო ძალა, არის მნიშვნელოვანი წინაპირობა წარმატებით გავუწიოთ კონკურენცია არა თუ მესამე ქვეყნების, არამედ განვითარებული ქვეყნების სამუშაო ძალასაც კი;- რაც მთავარია, ცოდნაზე ბაზირებული ეკონომიკა ხელს შეუწყობს ქვეყანაში შემოვიდეს დამატებითი ინვესტიციები ისეთ ახალ დარგებში, რასაც ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი კაპიტალი;- წარმოების სტიმულირება საშუალებას მოგვცემს გაცილებით დივერსიფიცირებული გავხადოთ ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი, დავძლიოთ სიღარიბე და ვიქცეთ კონკურენტულ საზოგადოებად. ვერ ვიქნებით წარმატებული ქვეყანა, თუ არ გვეყოლება მაღალკვალიფიციური კადრები;- ცალკე თემაა ქუთაისის, როგორც ქვეყნის განათლების რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბება. პარლამენტის დედაქალაქიდან გადატანა კი არ აქცევს ქუთაისს მიზიდულობის ცენტრად, არამედ სწორედ ასეთი გარღვევიდან მიღებული ეკონომიკური სარგებელი, რეგიონში ეკონომიკური აქტივობის გადატანის თვალსაზრისით. დღეს ბევრ წარმატებულ ქვეყანაში, სიღარიბეც დიდწილად სწორედ ამ ტიპის რეფორმების შედეგად იქნება დაძლეული.
ჩვენ უნდა გადმოვიღოთ ყველა ის დადებითი გამოცდილება, რაც დაგროვდა თანამედროვე მსოფლიოში. ძალზე საინტერესოდ გამოიყურება სამხრეთ კორეის ეკონომიკური განვითარების ძირითადი პრინციპი, რომლის თანახმადაც „ადამიანური რესურსი ბაზისურია განვითარებისათვის. რაც მთავარია, ის უნდა იყოს მუდმივად ინვესტირებადი“. ვფიქრობ, ეს გამოცდილება არც ჩვენ გვაწყენდა და ქუთაისში თანამედროვე ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გახსნა ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.
და ბოლოს: ამ ტიპის უნივერსიტეტის დაფუძნება, თანაც ასეთ რეკორდულად მოკლე პერიოდში, თანამედროვე სტუდენტური ქალაქის აშენება, წამყვანი უცხოელი პროფესურით, ქვეყნის პრესტიჟის ზრდასთან ერთად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის შეუქცევად სვლას არაპრორუსულ, როგორც ამას ოპოზიცია წარმოაჩენს, არამედ საპირისპირო მიმართულებით- დასავლურ საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში“, – წერს გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი