კახეთში რთველის პროცესი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს

0

კახეთში რთველი 2019-ის პროცესში გასული დღე-ღამის განმავლობაში 11 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა, რაც ბოლო 30 წლის ყველაზე მაღალი დღეღამური მაჩვენებელია.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, ბუნებრივია, გაზრდილია საწარმოებთან ყურძნით დატვირთული მანქანების ნაკადი, თუმცა შტაბის თანამშრომლები რიგებს ორგანიზებულად მართავენ და მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ ექმნებათ.

„კახეთში რთველი პიკურ ფაზაშია. ყოველდღიური გადამუშავების მაღალი მაჩვენებელი განპირობებულია როგორც ყურძნის დიდი მოსავლით, ასევე ვიცით, რომ სექტემბრის თვეში თითქმის ერთკვირიანი წვიმების გამო, რთველის პროცესი შედარებით გვიან დაიწყო. ღვინის მარნების მიერ ყურძნის მიღების პროცესი დაკავშირებულია გარკვეულ ტექნოლოგიურ პროცესთან და თითოეული მანქანის მომსახურებას მინიმუმ ნახევარი საათი ესაჭიროება. გააჩნია ასევე ღვინის საწარმოს ტექნიკურ შესაძლებლობებს, ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს. რთველის საკოორდინაციო შტაბის წევრები მობილიზებულები არიან, რომ ასეთი მაღალი გადამუშავების პირობებში, საწარმოებთან არ შეიქმნათ დიდი რიგები და ასეთ შემთხვევებში მანქანები ორგანიზებულად გადამისამართდება ახლოს მდებარე საწარმოებში“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

20 სექტემბრის 10:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 91 ათასზე მეტი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 60 ათასი ტონა რქაწითელი, 25 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 80-ზე მეტი ღვინის მარანი.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი განთავსებულია თელავში, სასტუმროში “ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97). სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

კომენტარები

კომენტარი