“ისინი ჩემს ქვეყანას იცავდნენ, როგორ დავტოვებდი დაჭრილ ჯარისკაცებს” – ექთანი, რომელიც დაბომბვის მიუხედავად, აგვისტოს ომის დღეებში დაჭრილებზე ზრუნავდა

ქალბატონი, რომელსაც გაგაცნობთ 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში გორის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობდა და დაბომბვის, დიდი საფრთხის მიუხედავად, დაუღალავად შრომობდა, დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებსა და სამოქალაქო პირებზე ზრუნავდა. ეს ქალბატონი 68 წლის ციცო ბალამწარაშვილია, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის მომიჯნავე სოფელ აძვში ცხოვრობს. ციცო ბალამწარაშვილი 43 წლის განმავლობაში გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში ექთნის პოზიციაზე მუშაობდა. ამ ხნის განმავლობაში, მისთვის ყველაზე მძიმე მორიგეობის დღეები აგვისტოს ომის დღეები იყო, რომლის გახსენებაც ძალიან უჭირს. როგორც ჩვენთან საუბარში ჰყვება, ომის დასრულებიდან კიდევ დიდი ხნის განმავლობაში თვალწინ ედგა ყელის არეში დაჭრილი ახალგაზრდა გოგონა და სამხედროები, რომლებიც სისხლით დასვრილ, თეთრხალათიან ჩვენს რესპოდენტს დახმარებას სთხოვდნენ.

-მოგვიყევით თქვენ შესახებ.
-46 წელია საზღვრისპირა სოფელ აძვში ვცხოვრობ. ბევრის მხილველი ვარ, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მტკივნეული 2008 წლის აგვისტოს ომი და მისი შედეგები აღმოჩნდა. სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობის 43 წლის სტაჟი მაქვს. მეგონა ყოველთვის ვუშველიდი ჩემთან მოსულ პაციენტს და ჯანმრთელს გავუშვებდი, მაგრამ ჩემი შეხედულებები 2008 წლის 9 აგვისტოს დაინგრა. პირველად ჩემს ცხოვრებაში მთხოვდნენ შველას და უბრალოდ ვერ ვასრწებდი სიკვდილის ზღვარზე მყოფი ადამიანების დახმარებას. მეც დედა ვარ და კარგად ვიცი, დედისთვის იმაზე დიდი ტკივილი არაფერია, როდესაც შენს შვილს ვერ შველიან.

-მოგვიყევით 2008 წ 9 აგვისტოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში თქვენი მორიგეობის შესახებ?
-სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, იმ დღეს არ უნდა მემორიგავა, თუმცა ჩემმა თანამშრომელმა მარინა გოგიაშვილმა მორიგეობის გადაცვლა მთხოვა. 9 აგვისტოს მორიგეობა შიშით დაიწყო, რადგან მე თვითონ ე. წ საზღვართან ვცხოვრობ და უკვე მქონდა ინფორმაცია, რომ სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბებოდა. მოულოდნელად დღის პირველ ნახევარში დაიწყო დაბომბვა. საჰაერო თავდასხმა ჯერ კომბინატში მოხდა, შემდეგი ბომბი ჩემი სამსახურის შენობას დაეცა. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, მოულოდნელად ბიძგმა სულ სხვა მხარეს გადამაგდო. ვახელ თვალებს და შენობიდან მხოლოდ ნანგრევებია, ვხედავ ჩემს თანამშრომელს, რომელიც სულ სისხლში წევს. პირველი, რაც მოვახერხე, დაჭრილი თანამშრომელი მანქანამდე მივახოხე და ცოცხლად დარჩენილ მძღოლს ვთხოვე გორის რაიონულ საავადმყოფოში გადაყვანა.
იცით ის ჩემი თანამშრომელი, რომელმაც მორიგეობის გადაცვლა მთხოვა, ჩვენს სამსახურთან ახლოს ცხოვრობდა და სწორედ იმ დაბომბვის დროს დაიღუპა.
ჩვენი შენობის დაბომბვის შემდეგ გადავედით მედიკოსები გორის რაიონულ საავადმყოფოში სამუშაოდ. მოჰყავდათ უამრავი დაჭრილი სამხედრო და სამოქალაქო პირი. საშინელება იყო. ყველა დახმარებას მთხოვდა, ყველა ხალათზე მკიდებდა ხელს, გადარჩენას მთხოვდა ამაზე საშინელი არაფერია, მედიკოსს პაციენტი გთხოვს სიცოცხლის შენარჩუნებას, შენ კი მათი ჭრილობების წინაშე უძლური ხარ.
9 აგვისტოს უკვე საღამოსპირი იყო, როდესაც დედამ თავისი 18 წლის გოგონა სულ სისხლიანი შემოიყვანა. დედა ტიროდა, კიოდა და პირველი მე შევხვდი, მომაწოდა დაჭრილი გოგონა და დახმარებას მთხოვდა. ეს იყო შემზარავი სურათი, ენითგადმოუცემელი ტკივილი, ბავშვს ბომბის ჭურვი ყელის არეში ჰქონდა მოხვედრილი. ამ დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, არ უნდა დაიბნე. სასწრაფოდ გოგონა საოპერაციო ბლოკში შევიყვანეთ, საბედნიეროდ, ახალგაზრდა გადარჩა. ძნელია, ძალიან ძნელია, იმ წუთების გახსენება. მახსოვს მძიმედ დაჭრილი პაციენტი წყალს მთხოვდა, ჭიქაც კი აღარ გვქონდა და ხელით მიმქონდა ონკანიდან წყალი, ტუჩებს ვუსველებდი.

-რა პერიოდი დაყავით გორში და სად იმყოფებოდნენ ამ დროს თქვენი ოჯახის წევრები?
მთელი ომის დღეები საავადმყოფოში ვიყავი, დაჭრილებს ვადექი თავზე, თითქოს გავქვავდი, აღარავინ მახსოვდა. ჩემი შვილები და შვილიშვილები სამი დღე ვერ მიკავშირდებოდნენ, ისინი თბილისში იყვნენ და საინფორმაციოდან გაიგეს, რომ შენობა, სადაც ვმუშაობდი, დაიბომბა. არ იცოდნენ ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. მესამე დღეს, როგორც იქნა, დამირეკა ჩემმა შვილმა და მახსოვს მისი აკანკალებული ხმა, მთხოვდა ქალაქის დატოვებას, მაგრამ მე უფლება არ მქონდა ჩემი დაჭრილი ჯარისკაცები დამეტოვებინა. ისინი ჩემს ქვეყანას იცავდნენ, ჩემი შვილიშვილების უკეთეს ხვალინდელი დღის სადარაჯოზე იდგნენ. როგორ დავტოვებდი ახალგაზრდა ჯარისკაცს, რომელიც ფეხის არეში იყო დაჭრილი. მანქანიდან რომ გადმოგვყავდა მარჯვენა ფეხი ჩამოეკიდა. რას ვეტყოდი მე მის დედას, მეც დედა ვარ. შეიძლებოდა ჩემი შვილი ყოფილიყო იმ ჯარისკაცის ადგილზე.

-როგორ შეაფასებთ აგვისტოს ომს?
-ეს იყო საშინელება. ეს იყო ყველაზე დიდი სისასტიკე, რაც კი ჩემი 68 წლის განმავლობაში მინახავს. ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ არა გვყავს დასაკარგი შვილები, ეყოთ ჩვენს დედებს ძაძების ჩაცმა.
როგორც ვიცი, თქვენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგეთ ხეხილის ბაღებიც, რომლებიც დეფაქტო მტავრობის მიერ კონტროლირებულ სოფელ აძვისთავში იყო.
ეს ბაღები იყო ჩემი ოჯახის ერთ-ერთი შემოსავლის წყარო. მე და ჩემმა მეუღლემ გავაშენეთ ვენახი, როგორც შვილს ისე ვუვლიდით. ჩვენი ძალებით ბაღში შენობა-ნაგებობაც ჩავდგით, ძალიან მიყვარდა იქ ყოფნა. ედემის ბაღს ვეძახდი. ახლა ნატვრად მაქვს ნეტა შორიდან მაინც დამანახოს ვინმემ ჩემი მამულები.
მარადიული არაფერია, არც ეს კონფლიქტი იქნება მუდმივი. მე მჯერა, ჩემი შთამომავლობა ისევ შეძლებს თავისი მამაპაპისეულ მიწაზე დაბრუნებას.

ნინო ბერძენიშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები