თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

თელავში, 21-29 სექტემბერს,  მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 21 სექტემბერს, ფესტივალის გახსნაზე, მსმენელის წინაშე წარდგებიან ცნობილი მევიოლინე კოლია ბლახერი და საფესტივალო ორკესტრი, დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით.
მსმენელის წინაშე წარდგებიან – გამოჩენილი პიანისტი ელისო ვირსალაძე, ასევე საერთაშორისო კონკურსების ლაურეატები ჯან ჩაკმური და ნიკოლოზ ნამორაძე, ცნობილი მევიოლინეები – კოლია ბლახერი და ფუმიაკი მიურა, ვიოლონჩელისტთა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვიოლონჩელისტი ალექსანდრ ბუზლოვი, დავიდ ოისტრახის სიმებიანი კვარტეტი და გორის ქალთა კამერული გუნდი.
საფესტივალო ორკესტრს, რომლის შემადგენლობაში თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრის და უცხოეთიდან მოწვეული მუსიკოსები იქნებიან,  ფესტივალის დიდი ხნის მეგობარი არიელ ცუკერმანი უდირიჟორებს.
როგორც ყოველთვის, სამუსიკო სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის მასტერკლასებს ჩაატარებენ გამოჩენილი მუსიკოსები.
წელს ფესტივალს ახალი კომპონენტი დაემატა – „საუბრები მუსიკაზე“. ეს არის ინტერაქტიული შეხვედრები, რომლებზეც მსმენელს შესაძლებლობა ექნება, შეხვდეს მოწვეულ საინტერესო სტუმრებს, რომლებიც არ არიან პროფესიონალი მუსიკოსები, მაგრამ არიან მუსიკის მოყვარული, დამფასებელი და მცოდნე ადამიანები.
ამჯერად „საუბრებს მუსიკაზე“ გამართავენ ბატონი ზურაბ ქარუმიძე და ბატონი ზაზა შათირიშვილი.
წლევანდელ ფესტივალზე თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში სოლო კონცერტს გამართავს ასევე 9 წლის პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე.
ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები