„საქართველოს სინფონიეტას“ საკონცერტო ტურნე მაღალმთიან რეგიონებში დასრულდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – საქართველოს სინფონიეტამ მაღალმთიან რეგიონებში: რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო და ზემო სვანეთში, კერძოდ კი მესტიაში, ლატალში, ონში, ლენტეხში, ცაგერსა და ამბროლაურში კლასიკური მუსიკის კონცერტები გამართა.
შესრულდა: ბენჯამინ ბრიტენის, ალექსი მაჭავარიანის, ვაჟა აზარაშვილისა და სულხან ცინცაძის ნაწარმოებები.
„პროექტით გათვალისწინებული ქალაქების და რაიონული ცენტრების უმეტესობაში არასოდეს გამართულა ორკესტრის კონცერტი, ზოგიერთ მათგანში კი წინა საუკუნის შემდეგ აღარ მისცემიათ ორკესტრის მოსმენის შესაძლებლობა და ამ ხელოვნებას მონატრებული მსმენელი აღტაცებული უსმენდა კონცერტებს.
მეტად სასიხარულოა, რომ მსმენელის უმეტესობა ბავშვები და ახალგაზრდები იყვნენ, ვინაიდან პროექტის მიზანიც სწორედ რომ საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია იყო. რათა იქ მცხოვრები ახალგაზრდა თაობისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტებს გაცნობოდა და კლასიკური მუსიკისადმი ინტერესი გაღვივებოდა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ მსმენელებს შორის აღმოჩნდებიან მომავალი მუსიკოსები, ამისთვის კი ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა აუცილებლად უნდა იზრუნონ სამუსიკო სკოლების განვითარებაზე, ინსტრუმენტების შეძენაზე და მუსიკის პედაგოგებზე.
მაღალმთიან რეგიონებს ზაფხულობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი სტუმრობს. მათ იზიდავთ საქართველოს ბუნება და ამ რეგიონებში კემპინგი, მთასვლელობა, სათავგადასავლო, ისტორიული და ეკო-ტურიზმია განვითარებული. მათთვის დიდი სიახლე იყო კლასიკური მუსიკის კონცერტზე დასწრება და საოცრად დიდი ემოცია ჰქონდათ, როდესაც მესტიაში, ამფითეატრიდან კლასიკური მუსიკის ჰანგები ესმოდათ.
აღსანიშნავია, რომ მაღალმთიანი რეგიონების ტურიზმს კიდევ ერთი ნიშა, კულტურული ტურიზმი შეემატა. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით პროექტის პარტნიორს „საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას“ და მის ხელმძღვანელს ქალბატონ ეკა ყოლბაიას.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ პროექტის განხორციელებისთვის მადლობას უხდის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს; მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორს ბატონ გეგი ფალიანს და მის მოადგილეს, ბატონ რამაზ ფილფანს. აგრეთვე მადლობას ვუხდით ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს ეკა მაისურაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს შუქურა ჯაფარიძეს, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსს მანანა ჩაგელიშვილს და გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლის ხელმძღვანელს თეონა ჯაფარიძეს; ცაგერის მუნიციპალიტეტის მერს ბატონ ავთანდილ უგრეხელიძეს და მის მოადგილეს, ბატონ მიხეილ მეშველიანს, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი გუგავას; ცაგერის კულტურის სახლის ეთნუსიკოლოგს ნანა გოგოლაძეს; ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორს, ბატონ თამაზ დაუშვილს და მის მოადგილეს, ქალბატონ ლილიანა მხეიძეს.
მადლობა თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პროექტის ორგანიზებაში.
„საქართველოს სინფონიეტა“ ძალიან დიდ მადლობას უხდის ადგილობრივ მოსახლეობას კონცერტებზე დასწრებისთვის და მიმართავს ყველა სახელოვნებო კოლექტივს, რომ აუცილებლად ესტუმრონ საქართველოს რეგიონებს მთაშიც და ბარშიც! ამ ადამიანებს სჭირდებათ ხელოვნება და მათ შორის შესაძლოა, არაერთი მომავალი ვარსკვლავი იმალებოდეს;
მოდით, თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი წვლილი შევიტანოთ რეგიონების განვითარებაში!“- ამბობს „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა მუქერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები