ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც საქართველოში ფეხით ჩამოვიდნენ, თელავმა უმასპინძლა

ფერეიდნელ ქართველებს, რომელთაც საქართველოში ჩამოსასვლელად, 1411 კილომეტრი ფეხით იარეს, თელავის ისტორიულმა მუზეუმმა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.
შეხვედრა მუზეუმის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, სადაც სტუმრებისათვის თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის ცენტრთან არსებულმა ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, ,,პატარა კახმა”  კონცერტი გამართა.

თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, გურამ ურჩუხაშვილის თქმით, აღნიშნული შეხვედრა მიზნად საქართველოში მცხოვრები ქართველებისა და ფერეიდნელი ქართველების ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს.

“ჩვენ მათ ახლა დავათვალიერებინეთ მუზეუმი. ჩვენი მუზეუმი მოგეხსენებათ, რომ კომპლექსია და აქ გვაქვს, როგორც ეთნოგრაფია, ისე ხელოვნების მუზეუმი, სამხატვრო გალერეა და სამეფო სასახლე. სამივე ძალიან დიდი ინტერესით დაათვალიერეს და მე არ ვიცი ასე სამშობლოზე მოწყურებული ხალხი, პირველად ვნახე, ძალიან დიდი ინტერესი აქვთ ყველაფრის. რატომღაც შინაგანად გრძნობენ, რომ ქართველები არიან. ბავშვები მღეროდნენ, რომ შემოვედით და თქვა, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ ლამის უწონადობაში ჩავვარდე, ქართული ხმა რომ მესმისო.
ეს რაღაც გენეტიკურია, რომელიც მოდის და ძალიან კარგია. მე ძალიან მინდა, ჩვენი კონტაქტები აღდგეს და საქართველოს სხვა რაიონებში და სოფლებშიც ჩამოვიდეს ეს ხალხი და ეზიარონ ქართულ კულტურას და ქართულ ისტორიას.
ეს შეხვედრა მიზნად ისახავს ქართველების ურთიერთობას, რომელიც არ უნდა შეწყდეს ფერეიდნელ ქართველებთან, იმიტომ, რომ თუ ამ დედასამშობლოსთან კავშირი არ ექნებათ, მომავალ თაობას წარმოდგენა არ ექნება საქართველოზე. ისინი ბრწყინვალედ საუბრობენ ქართულად. ისინი საუბრობენ ძველი ქართულით და ძალიან მომწონს, რომ ვისმენ ძველ ქართულად მათ საუბარს.
ერთნაირი ენობრივი სივრცე იყო მაშინ ჯერ კიდევ XV –XVI საუკუნეში შერჩენილი საქართველოში და თითქოს მთის კილოა, დღეს სხვანაირად ვლაპარაკობთ კახეთში. მათ კილო აქვთ შემორჩენილი, ანუ ერთნაირი ენობრივი სივრცე იყო, როგორც მთაში, ისე ბარში და ეს საინტერესოა”,- განაცხადა გურამ ურჩუხაშვილმა.

ფერეიდნელმა ქართველებმა კახეთში მიღებული ემოციების შესახებ ისაუბრეს.
“არ უნდა ვთქვა, რომ მე ვარ ფერეიდნელი, მე ვარ ქართველი. მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიხარია, აქ რომ ვარ, კახეთის ცენტრში. ძალიან მიყვარს თელავი. მე ორჯერ ვარ აქ ნამყოფი და ძალიან მიყვარს თელაველებიც. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ჩვენი სიამაყე, ფერეიდნელებისა. ჩვენ არ ვიცით წარმოშობით საიდან ვართ, არც ისტორია გვაქვს, არც რამე, მაგრამ რომ ლაპარაკობდნენ ჩვენი წინაპრები,ჩემი მამა, ბაბუა, იმის მამა და იმის მამა და წინაპრები, ყველანი ამბობდნენ, რომ ჩვენ კახეთიდან ვართო. ფერეიდანში ვისაც გინდა შეეკითხო, 95% იტყვის, რომ ჩვენ კახეთიდან ვართო. მე ვარ ერთი კახელი, ფერეიდნიდან ჩამოსული, ვარ ჩემს სამშობლოში, ვარ კახეთს შინა. 1400 კმ ფეხით ჩამოველ საქართველოს სიყვარულით და ხალხო, თქვენ რომ გვიყვარხართ, იმ სიყვარულმა ჩამომიყვანა”,- აღნიშნა ამირანა (ომიდა) გუგუნაშვილმა.

,,ფეხით გადმოვედით ფერეიდნიდან კახეთში. 4-5 დღეა, საქართველოში ვარ და დღეს თელავში მოვხვდი. მეოთხე დღეა, ფეხით არ დავდივარ, ქართველები ძალიან მეხმარებიან და კარგ ადგილებს მაჩვენებენ. დღეს მუზეუმში ვარ. თელავი ძალიან საინტერესოა ჩემთვის. ღმერთის იმედით, ჩემი ფეხი კეთილი იყოს თელავისათვის”,- დასძინა ისმაილ დავითაშვილმა

 სამკაციანი ალპინისტთა ჯგუფი ფერეიდნიდან 11 აგვისტოს გამოვიდა, მათ ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად, ფეხით 1 441 კილომეტრი გაიარეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები