ამირან სალუქვაძე: რასმუსენის ინიციატივა ტერიტორიის დათმობას არ გულისხმობს

რასმუსენის ინიციატივა არანაირი ტერიტორიის დათმობას არ გულისხმობს, – ამის შესახებ ბრიგადის გენერალმა, ანალიტიკოსმა სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებში, ამირან სალუქვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ნატო-ს წევრობის გერმანულ მოდელს სთავაზობს.
“ვფიქრობ, უნდა დაიწყოთ დისკუსიები, მისაღები იქნება თუ არა საქართველოსთვის, შეუერთდეს ნატო-ს ისე, რომ მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,”- განაცხადა რასმუსენმა.
ამირან სალუქვაძის განმარტებით, აქ ტერიტორიებზე უარის თქმა არ იგულისხმება.
„რასმუსენის ინიციატივა არანაირი ტერიტორიის დათმობას არ გულისხმობს, დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ გვაღიარა საერთაშორისო საზოგადოებამ, განსაკუთრებით – ნატომ.
რა შუაშია ტერიტორიებზე უარის თქმა? ეს არის ერთ-ერთი ფორმულა, როგორ შეიძლება ავუაროთ გვერდი რუსეთის წინააღმდეგობას ჩვენი გაწევრიანების პროცესში. რას ნიშნავს V მუხლი – ეს არის კოლექტიური თავდაცვა, პასუხისმგებლობა ყველა წევრის თავდაცვაზე, ესხმიან თავს ერთს, თავს იცავს მთელი ნატო.
კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ინიციატივით ნატოში მთელ საქართველოს იღებენ, იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ვართ აღიარებული აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად. მაგრამ, ამ ინიციატივით, V მუხლი განხორციელდება მხოლოდ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. თუ V მუხლი გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის ბაზებია განლაგებული, იმავე წამს, როგორც კი ჩვენი ნატოში წევრობა გაფორმდება, ნატო აღმოჩნდება სამხედრო დაპირისპირებაში რუსეთთან. ამ დაპირისპირებას გვერდი უნდა ავუაროთ ამ ფორმულით, თუ ასე გადაწყდება.
თუ რუსეთი ან დე ფაქტო რეჟიმები საოკუპაციო საზღვარს გადმოლახავენ, ჩვენ არ ვიქნებით მარტო – ამაზეა საუბარი. შემდგომში საქართველო ნატოსთან ერთად ესაუბრება რუსეთს დეოკუპაციაზე.
დროში გაწელილი გაწევრიანება საქართველოსთვის საფრთხეა. ეს ფორმულა ჩემთვის, პირადად, მისაღებია. თუ დაველოდებით, როდის მოხდება დეოკუპაცია და მერე დავიწყებთ ნატოში შესვლას, მაშინ უნდა განვიხილოთ, როგორ უნდა მოხდეს დეოკუპაცია“- განაცხადა სალუქვაძემ.
“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რასმუსენმა განმარტა, რომ მსგავსი პრეცედენტი არსებობს და ალიანსმა ის გერმანიის შემთხვევაში დაუშვა.
„გერმანია ნატო-ში 1955 წელს გაწევრიანდა, თუმცა მხოლოდ მისი დასავლეთ ნაწილი. ნატოს წესდება არ ვრცელდებოდა აღმოსავლეთ გერმანიაზე. თუმცა, 1991 წელს, გერმანიის გაერთიანების შემდეგ, ნატოს წესდება აღმოსავლეთ გერმანიაზეც გავრცელდა. პრინციპში, ანალოგიური მექანიზმი შესაძლოა შემუშავდეს საქართველოსთვისაც. რა თქმა უნდა, ეს არის სადავო და უნდა განიხილებოდეს, როგორც საქართველოში, ისე ნატო-ში. თუმცა ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავადასტუროთ ის, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეზიდენტ პუტინს მივცემთ დეფაქტო ვეტოს უფლებას, რომ მუდმივად შეძლოს საქართველოს, უკრაინის ან სხვა მეზობელი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების დაბრკოლება ანალოგიური კონფლიქტების წარმოქმნით“, – განაცხადა რასმუსენმა.
„ერთი ყველასთვის, ყველა ერთისთვის“ – ეს არის ნატოს მთავარი პრინციპი, რომელსაც წესდების მეხუთე მუხლი განსაზღვრავს. მუხლი ადგენს, რომ ნატოს წევრ ერთ რომელიმე სახელმწიფოზე თავდასხმა, ალიანსის ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს, რაც კოლექტიური თავდაცვის ზომების ამოქმედებას ითვალისწინებს.

                                                                                                                                                                                                  თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები