სად რამდენს უხდიან – შრომის ანაზღაურება საქართველოსა და აზერბაიჯანში

საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 946.1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით).
საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:
• მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი,
• საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი,
• მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.
საქსტატის სტატისტიკის თანახმად, დაქირავებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა 42.1 % მცირე ბიზნესშია დასაქმებული. საშუალო ბიზნესში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 21.4 % საქმიანობს. მსხვილ ბიზნესს დასაქმებულთა 36.5 % ჰყავს სამსახურით უზრუნველყოფილი.
2019 წლის მე-2 კვარტლის მონაცემებით, კერძო სექტორში საერთო ჯამში 646 ათასი დაქირავებული საქმიანობს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 4 %-ით არის გაზრდილი. საინტერესოა, რომ საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე (ხელფასები და სხვა ხარჯები) – 2 458.5 მლნ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.8 პროცენტით მეტი).
რაც შეეხება გასულ 2018 წელს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1125.5 ლარს შეადგენდა. საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასები დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2354.3 ლარი (წლიური ზრდა 26.5 პროცენტი);
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 1867.9 ლარი (წლიური ზრდა 8.6
პროცენტი);
• ინფორმაცია და კომუნიკაცია – 1785.0 ლარი (წლიური ზრდა 18.0 პროცენტი).
საინტერესოა, რომ 2018 წლის მონაცემებით გაცილებით მაღალი ანაზღაურება აქვთ კაცებს ( 1360.6 ლარი ), ვიდრე ქალებს (851.9 ლარი)
ოფიციალური სტატისტიკით, შრომის საფასურს საქართველოში შრომისუნარიანი მოსახლეობის 38 % იღებს. სტაბილური შემოსავლების გარეშეა დარჩენილი შრომისუნარიანი მოსახლეობის დაახლოებით 11 – 12 პროცენტი.
რა მდგომარეობაა ამ თვალსაზრისით აზერბაიჯანში?
მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის მონაცემებით, დაქირავებულთა ხელფასი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7,9 %-ით გაიზარდა და 518.2 მანათი ანუ 305.4 დოლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ხელფასი აზერბაიჯანში ნავთობის სექტორში დასაქმებულებს უფიქსირდებათ. სანავთობო სექტორში თვიურმა ანაზღაურებამ 3.183. 8 მანათს, ანუ 1 876 დოლარს გადააჭარბა. გაცილებით ნაკლებია ანაზღაურება სახელმწიფო სექტორში 467.2 მანათი ( 280 აშშ.დოლარი). სახელმწიფო სექტორისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ მეტს იღებენ კერძო სექტორში დასაქმებულები. მათი ყოველთვიური ხელფასი 447 ლარს უმნიშვნელოდ აღემატება.
რაც შეეხება მინიმალური ხელფასის ოდენობას აზერბაიჯანში. აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულებით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან მინიმალურ თვიურ ანაზღაურებად 250 მანათი, ანუ 147 დოლარი განისაზღვრა. აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის ბოლომდე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 40 %-ით გაიზრდება, 20 %-ით გაეზრდებათ ხელფასები სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ხელფასების დაახლოებით ანალოგიური ვითარება იყო გასულ წელსაც.
აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს მინიმალური ანაზღაურება აზერბაიჯანში 538,8 მანათი, დაახლოებით 316 დოლარი, იყო. ისევე როგორც წელს, ყველაზე მაღალ ანაზღაურებას აზერბაიჯანში ნავთობისა და გაზის მომპოვებელ სექტორში დასაქმებულები იღებდნენ. საშუალო გამომუშავება აქ 3 185.2 მანათს ( დაახლოებით 1 800 აშშ დოლარი) უტოლდებოდა. ( 2 200 $ – სახელმწიფო სექტორი, 2 200$ – კერძო სექტორი) საქართველოს მსგავსად მაღალი ანაზღაურებით გამოირჩევა ფინანსური სექტორიც – 817 დოლარი სახელმწიფო სექტორში, ხოლო 934 დოლარი კერძო სექტორში. ანაზღაურების თვალსაზრისით, მესამე ადგილზე არიან, სამეცნიერო ტექნიკური სფეროს წარმომადგენლები. საშუალოდ 562 $ თვეში. საგულისხმოა,რომ გასული წლის მონაცემებით, ოფიციალურად ხელფასს აზერბაიჯანში 1 538.2 მილიონი ადამიანი იღებს. აქედან 887.2 ათასი სახელმწიფო სექტორს ჰყავს დაქირავებული, ხოლო 651 ათასი- კერძო სექტორს. ყველაზე მაღალანაზღაურებად ანუ ნავთობისა და გაზის სექტორში საერთო ჯამში 33,6 ათასი ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები