ბიბილოვმა КГБ-ს დაავალა ე.წ. საზღვრის სხვა მიმართულებები შეისწავლოს, საიდანაც “ანექსიის საფრთხეები შეიძლება არსებობდეს”
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელს ოლეგ შირანს სოფელ წნელისთან ე.წ უწყების თანამშრომლებისთვის კომფორტული სამუშაო პირობების შექმნა დაავალა.
„ვიცი, რომ პოსტამდე მისასვლელი გზა უკვე გაყვანილია, სხვა პირობებიც უნდა იყოს შექმნილი. საზღვრის აღმნიშვნელი შესაბამისი ბანერი უნდა იყოს“,-თქვა ბიბილოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომიტეტმა „საზღვარზე შესაძლო რისკების ასარიდებლად ძალისხმევა უნდა გააძლიეროს. ადგილობრივებმა თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ“.
ბიბილოვმა ე.წ. კომიტეტს დაავალა „შეისწავლოს საზღვრის სხვა მიმართულებები, სადაც შესაძლოა საქართველოს მხრიდან ანექსიის რაიმე საფრთხეები არსებობდეს“.
შირანმა საპასუხოდ თქვა, რომ „კგბ ამგვარ მონიტორინგს უკვე ახორციელებს“.