ე.წ. საზღვარი, რომელიც დღეს უნდა გახსნილიყო, საოკუპაციო რეჟიმს ჩაკეტილი აქვს
საოკუპაციო ძალებს ახალგორთან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვარი ამ დრომდე აქვთ ჩაკეტილი.
ამის შესახებ „კვირას“ ახალგორის გუბერნატორმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა.
ე.წ. საზღვარი 4 სექტემბრის 20:00 საათიდან ჩაიკეტა და დღეს დილის 06:00 საათზე უნდა გახსნილიყო.
მიზეზად სახელდებოდა “ცოდნის დღესთან” დაკავშირებული ღონისძიებები.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის ჩაკეტვას სამუდამოდ გეგმავდნენ.
თუმცა, ერგნეთში გამართული ტექნიკური შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეს ინფორმაცია არ დაადასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ წინასწარ გაავრცელებდნენ განცხადებას.