გრიგოლ ვაშაძე: ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, რათა გახარია არ დამტკიცდეს პრემიერის პოსტზე

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები მოსახლეობას დღეს პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ იმისთვის, რომ სათქმელი თქვან-რომ აღარ მოითმენენ ამდენ დამცირებას და ასეთ შეურაცხყოფას იმ ჯგუფისგან, რომელიც თავს ხელისუფლებას ეძახის.
როგორც პარლამენტთან პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა არ უნდა დაუშვას.
„ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებაში გაგრძელდეს სამოქალაქო ომი, პოლიტიკური სამოქალაქო ომი, ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის საშუალება არ მისცეს. ამის მოთმენა აღარ შეიძლება. წყნარად, მშვიდად უნდა მოვემზადოთ საპარლამენტო არჩევნებისთვის.
გახარიას წარდგენა პრემიერ-მინისტრის პოსტზე არის შეფურთხება ჩვენი სახელმწიფოსთვის, შეფურთხება ჩვენი საზოგადოებისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრისთვის და განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ და ქვეყნის ინტერესს იცავდნენ 20 ივნისს და რომლებმაც საკუთარი ჯანმრთელობა დაკარგეს.
არც ერთი ამ ადამიანის ჯანმრთელობად არ ღირს არც გახარია, არც ოცნების ხელისუფლება, რომელიც არის განწირული და რომელიც არის საქართველოს მოქალაქეებთან და ოპოზიცურ სპექტრთან დაპირისპირებული.
ყველაფერი უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, რომ გახარია არ დამტკიცდეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე. კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, შეცვალეთ ეს კანდიდატურა და არ გაამწვავოთ დაპირისპირება.
ჩვენს ყველა წევრს და მხარდამჭერს, მხედველობაში მაქვს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა მხარდამჭერი, დღეს 19:00 საათზე პარლამენტთან ხმამაღლა ვთქვათ ის ჩვენი სათქმელი, რაც გვაქვს და რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მოვითმენთ ამდენ დამცირებას და ასეთ შეურაცხყოფას იმ ჯგუფისგან, რომელიც თავის ხელისუფლებას ეძახის“,-განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები