ფერეიდანელი ქართველი და მათი მემატიანე, მწერალი მალექ მოჰამად რაჰიმი (რამიშვილი) გარდაიცვალა

მალექ რაჰიმი შვილიშვილთან ერთად – შეხვედრა საკრებულოში (2017წ.)

მეტად სამწუხარო ამბავია – გარდაიცვალა დიდი ფერეიდანელი ქართველი მალექ მოჰამად რაჰიმი (რამიშვილი), რომელიც მთელი თავისი ცხოვრება ფერეიდნელ და საერთოდ ირანელ ქართველთა ისტორიასა და ყოფა-ცხოვრებას დასტრიალებდა თავს. ოთხი წიგნის ავტორია იგი და სამი სწორედ ამ თემაზე აქვს შექმნილი, ერთითაც კი ლექსებად უმღერის ფერეიდანსა და სიყვარულს, – წერს ფეისბუქის გვერდზე აღმოსავლეთმცოდნე, ირანისტი ნომად ბართაია.  იგი აქვს საქართველო-ფერეიდანს შორის არსებული ურთიერთობებსაც მიმოიხილავს.
„კარგა ხანია, თარგმნილი მაქვს მალექ რაჰიმის წიგნი „ფერეიდნელი გურჯები“ და ვერ მოვახერხე გამოცემა. ბოლოს ბატონ ლევან თაქთაქიშვილს მივმართე დახმარებისთვის. საქმეც იქამდე მივიდა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკა გაისად გამოსცემს მას და ვაპირებდით მის წარდგენაზე მოგვეწვია ბატონი რაჰიმი საქართველოში. წიგნი ალბათ დაიბეჭდება და წარდგენაც მოხდება მისი საზოგადოების წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, ავტორის გარეშე.
კიდევ კარგი, ეს გულანთებული ქართველი კაცი მოესწრო საქართველოში ჩამოსვლას. იგი სტუმარი იყო მეტად საინტერესო ჟურნალ „ანეულის“ რედაქციისა, რომლის რედაქტორმა ძვირფასმა ქალბატონმა თამარ შაიშმელაშვილმა დიდი სიამოვნებით გამომიქვეყნა ფერეიდნისადმი ძღვნილი მისი ლექსის ქრთული თარგმანი, აი, ისიც:

ხოტბა ფერეიდნისა

აღემატება ყოველგვარ ძალას აღწერა შენი სილამაზისა,
ან ვინ აღწეროს ნიავი დილის და ბულბულების გალობა შენი.
ქალაქი კოხტა, საამო ჰავით, შინ არ გაჩერებს გარეთ რომ გიწვევს,
ქალაქი წინსვლის, განვითარების, კულტურისა და კეთილდღეობის.
რა საამოა, ო, რა ტკბილია, გაზაფხული და ზაფხული შენი,
ხოლო ზამთარში, ყინვა და ქარში, ჩაღუღუნებულ სახლებში ყოფნა.
რა თვალწარმტაცად მოედინება სარაბის მთიდან ყინულის წყალი
და გაზაფხულზე მის შემოგარენს ო, რა საამოდ ელამუნება.
ან რა ლამაზად მიმოფანტულან ყაყაჩოები შენს მინდორ-ველად,
ყვავილები კი ქარგავენ როგორ ნაირფერებად ფერდობებს მთისას.
ღვთის წყალობაა ფოშქუჰისა თუ, რუბარუსა და ნიზანის ტყენი,
მთა შაჰანისა, ათასნაირი ბალახითა და ყვავილით სავსე.
ანდა კაშხალი პიტნოვანისა და წყაროები დარბანდის ცივი,
ან სამალავი ციხე მეფისა – გამოქვაბული ეშქათ თელესი,
ან ჰაშთადის მთა ასე ლამაზი და ათეშქადე კიროს მეფისა,
ან მთა ფარდუნის თვალისმომჭრელი და თანგე ჰანა ყვავილოვანი.
ქოთანის მთები გასაოცარი, გულისწარმტაცი თავის გვირაბით,
ვაშლოვანში კი არაფერი სჯობს კაშხალის პირას სიცხეში ყოფნას.
რა შეედრება ან ქარუნის წყალს, ო, მიმდინარეს ისპაჰანისკენ
და ანდა კიდევ თორეზის კაშხალს, ულამაზესი თავისი ხედით.
სოკო, რევანდი და ნიახური, რამდენიც გინდა იმდენი არის,
დახატულია ო, მერე როგორ ხალიჩა მიწის ფერებით მისით.
და გაზაფხულზე არეულია აქ ერთმანეთში ისინი როგორ
ეს ყველაფრი თვალისმომჭრელად გახვეულია ფერებში ცისა.
ხარ კურთხეული სამოთხე მართლა, მიმოქარგული ვარდ-ყვავილებით,
ისე კარგია აქ ყველაფერი, ლამის ზღაპარში მგონია თავი.

ნათელში ამყოფოს უფალმა ამ გულანთებული ქართველი კაცის სული“, – წერს ნომად ბართაია.

იგი  მოკლედ მიმოიხილავს საქართველო-ფერეიდანს შორის არსებულ  ურთიერთობებს:

საქართველოსა და ფერეიდანს შორის შეიძლება გამოიყოს ურთიერთობათა ორი პერიოდი:

I – XIXს. 70-იანი წლებიდან XX ს. 90 წლებამდე, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე.
II – XXს. 90 წლებიდან დღემდე.

ურთიერთობათა პირველი პერიოდი შეიძლება დავყოთ სამ ეტაპად:

პირველი ეტაპი – XIX ს. 70 -იანი წლებიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე, როცა საქართველოში პირველად გამოჩნდნენ ფერეიდნელები: ათამ ონიკაშვილი (1871), ხუციშვილი და ონიკაშვილი (1896), მაყაშვილი და მისი სიძე ნასრულაჰი (1900-2), სეიფოლა იოსელიანი (1922).
ათამ ონიკაშვილი პირველი ფერეიდნელი იყო, რომელმაც ჩამოიტანა ამბავი ფერეიდნიდან. მანამდე ჩვენ მხოლოდ ინფორმაციის დონეზე თუ ვიცოდით ბუნდოვნად, რომ ფერეიდანში ცხოვრობდნენ შაჰ-აბასის მიერ გადასახლებული ქართველები, მაგალითად: „და რაც-ოდენნი შეიპყრეს, ცოლშვილიანად აჰყარეს და წაასხეს რომელიმე ფერიასა“ („ქართლის ცხოვრება“ 1959: 401);
საქართველოში ფერეიდნელის გამოჩენას დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. მალე გამოჩნდა ცნობები ფერეიდნის შესახებ გაზეთ „დროებაში“ (1972, N 13, 1876, N 120), რომლებიც ეყრდნობოდა სპარსეთში მცხოვრებ ქართველთა მონათხრობს.
ასევე დაიბეჭდა „დროებაში“ (1876, N 186, 187) სომხურ გაზეთ „არარატიდან“ ამოღებული საინტერესო ცნობები ფერეიდნელთა შესახებ.
ათამ ონიკაშვილი ფერეიდნიდან სამუშოდ გადასულა თავრიზში, სადაც მუშაობა დაუწყია ინგლისელ ინჟინერთან, რომელიც მოხიბლულა მისი გონიერებითა და განსწავლულობით. ათამს უამბნია ინგლისელისთვის თავისი წარმოშობისა და თავისი ხალხის ბედკრული ისტორიის შესახებ. როცა ინგლისელი თავის სამშობლოში ბრუნდებოდა, მას ათამისთვის შეუთავაზებია, რომ თუ სურვილი ექნებოდა, წაიყვანდა ბაქომდე, საიდანაც ის შეძლებდა თავის სამშობლოში ჩასვლას. ათამს სიამოვნებით მიუღია ეს წინადადება.
ასე აღმოჩნდა 1871 პირველი ფერეიდნელი ქართველი საქართველოში.
ათამს საგარეჯოს დეპოში დაუწყია მუშაობა, სადაც მას სახელიც შეუცვლია – ალექსანდრე გამხდარა და ქართველ ქალზე დაქორწინებულა. სამწუხაროდ იგი 1880-იან წლებში ტრაგიკულად გარდაცვლილა.
ათამთან გასაუბრების საფუძველზე დიმიტრი ყიფიანის ვაჟმა ნიკო ყიფიანმა „დროებაში“ გამოაქვეყნა წერილი „ქართველების კოლონია სპარსეთში“, რომლითაც ქართულმა საზოგადოებამ პირველად გაიგო სინამდვილე შაჰ-აბასის მიერ ირანში გადასახლბულ ქართველთა შესახებ (ყიფიანი 1872).
ამის მერე ფერეიდნიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ყოლამ ჰუსეინ ონიკაშვილი და ყოლამ-რეზა ხუციშვილი (1907). მათ შვიდი თვე დაჰყვეს საქართველოში, რომელთა ჩამოსვლის მთავარი მიზანი ფერეიდანში ქართული სკოლის დაარსებისთვის ნიადაგის მომზადება იყო, რასაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყურადღებით მოჰკიდებია და განუხილავს კიდეც საკითხი ამისთვის და თანხების მოძიებასთან დაკავშირებით („ისარი“, 1907, 24. V).
საინტერესოა შემდეგი ცნობა: ყოლამ-ჰუსეინ ონიკაშვილი ისე ყოფილა დაინტერესებული ამ საკითხით, რომ ფერეიდანში დაბრუნებულს, სკოლის დასაარსებლად, საჭირო ფინანსების მოსაგროვებლად საკუთარი სახლი და კარმიდამოც კი გაუყიდია („განთიადი“ 1908, N 5-6.), თუმცა მისი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 1922 წელს ფერეიდნიდან საქართველოში ჩამოსვლა ისეთი განათლებული და გავლენიანი პირის – ხანისა, როგორიც სეიფოლა იოსელიანი იყო (1887-1834).
სეიფოლა არამხოლოდ თავისი სურვილით ჩამოსულა საქართველოში, არამედ, როგორც ზ. ჭიჭინაძე წერს, მისთვის ფერეიდნულ მოსახლეობას ქონია მიცემული „მინდობილობა ხელმოწერით, თავიანთი ბეჭდის დასმითა და იმის თხოვნით, რომ ქართველმა ერმა და მთავრობამ ყურადღება მიაქციოს მას“ („ტრიბუნა“, 1922: 33).
თავდაპირველად სეიფოლას დაუწყია კიდეც ფერეიდნელი ბავშვებისთვის ქართული წერა-კითხვის სწავლება, მაგრამ „სკოლის ზარის ხმამ მათ (მოლებს) თურმე ეკლესია მოაგონათ და სეიფოლას ისლამისაგან განდგომა დასწამეს“ (ჭიპაშვილი 1990: 24).
ამის მერე სეიფოლამ, დიდი ძალისხმევის შედეგად, 1928 წელს ფერეიდანში გახსნა ოთხწლიანი დაწყებითი სკოლა, სადაც ქართულის სწავლაც იყო გათვალისწინებული, მაგრამ სამწუხაროდ, ქართულის მასწავლებელი ვერ მოძებნილა, რასაც ამბაკო ჭელიძის ეს ცნობაც ადასტურებს: „მთავრობა ქართულად სწავლების წინააღმდეგი არ იყო, ისევე, როგორც არ ეწინააღმდეგებოდა სომხებს, ებრაელებს და ქურთებს. მაგრამ ფერეიდნელ ქართველებში არავინ არის ქართული წერა-კითხვის მცოდნე, რომ მასწავლებლობა შეძლოს“ (ჭელიძე 2011: 136).
აქვე აღსანიშნავია, რომ ჩვენი მხარე მიესალმა ფერეიდანში ქართული სკოლის გახსნის იდეას. აი, რას წერს ამის შესახებ ავთანდილ ნიკოლეიშვილი: „როგორც პრესაში გამოქვეყნებული მასალებიდან ნათლად ჩანს, საქართველოში ყოფნის პერიოდში სეიფოლას მიმართ ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებიც იჩენდნენ განსაკუთრებულ ყურადღებას და ფინანსურ დახმარებასაც უწევდნენ მას. არ შვცდებით, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი ირანელი სტუმრისადმი საქართველოს მთავრობის ამგვარი დამოკიდებულება არა მარტო ეროვნულ-პატრიოტული ინტერესებით იყოს განპირობებული, არამედ იმითაც, რომ საბჭოთა იმპერიის იმჟამიმიდელი ხელისუფლების ერთ-ერთ საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს თავის გავლენის სფეროში სპარსეთის სახელმწიფოს მოქცევაც წარმოადგენდა და ამის მისაღწევად, ეტყობა, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ქართველთა ინტერესების მოსარჩლეობაც იქნა მიჩნეული მიზანშეწონილად“ (ნიკოლეიშვილი 2018: 295).
მართლაც „1922 წლის 25 აგვისტოს საქართველოს უმაღლესმა საბჭომ დაავალა განსახკომს მოეწყო ექსპედიცია ირანის ქართულ კოლონიებში რსფსრ წარმომადგენლობის მეშვეობით და წაეღოთ ქართული გაზეთები ლიტერატურასთან ერთად. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი დიპლომატიური ღონისძიებები გაეტარებინათ ირანში მცხოვრები ქართველების სასარგებლოდ. ასევე გამოეყო შესაბამისი თანხა სეიფოლა იოსელიანის დასაფინანსებლად“ (სონღულაშვილი 2005: 125).
ასეთი დამოკიდებულება ფერეიდნელთა მიმართ მეორე მსოფლიო ომის მერეც გაგრძელდა. უცხოეთთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებამ ირანში მცხოვრებ ქართველებს 1946 წელს გაუგზავნა მიმართვა, სადაც აღნიშნული იყო: „ირანში მცხოვრებ ქართველებს. ძმებო ქართველებო! უცხოეთთან კულტურული კავშირის საქართველოს საზოგადოებამ შეიტყო, რომ თქვენ, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე მოწყვეტილი ხართ დედასამშობლოს, მაინც არ დაივიწყეთ საყვარელი დედა-ენა და შეინარჩუნეთ საკუთარი ნაციონალური გრძნობანი. ამიტომაც ჩვენი საზოგადოება გიგზავნით თქვენ და თქვენ შვილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებს, ქართულ წიგნებს … ძმური სალმით უცხოეთთან კავშირის საქართველოს საზოგადოების თავმჯდომარე ნიკოლოზ მიქავა.“ (სონღულაშვილი 2005: 130).
თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მხოლოდ უკან დასაბრუნებელი თანხით დააფინანსა სეიფოლა იოსელიანი (სონღულაშვილი 2005: 125).
ურთიერთობათა პირველი პერიოდის პირველ ეტაპზე თუ ათამ ონიკაშვილი იყო პირველი ქართველი, რომელიც ჩამოვიდა ფერეიდნიდან საქართველში (1871), სეიფოლა იოსელიანი აღმოჩნდა – ბოლო (1922).
ამის მერე 1972 წლამდე, ანუ მთელი ნახევარი საუკუნე, ფერეიდნელი არ გამოჩენილა სქართველოში. პირიქით კი იყო რამდენიმე შემთხვევა.
თუ პირველ ეტაპზე ჩვენს მხრივ ოფიციალური დამოკიდებულება ფერეიდნის მიმართ დადებითი იყო, რა გასაკვირია, საზოგადოებაში ინტრესი მის მიმართ დიდი ყოფილიყო. სწორედ ამან გნაპირობა ის, რომ 1894 წელს, საქართველოდან ფერეიდანში ჩავიდა ლადო აღნიაშვილი, რომელმაც მრავალმხრივ შეისწავლა იქაურობა და წიგნად გამოაქვეყნა.
მართალია, საგანგებოდ არ ჩასულა ფერეიდანში, მაგრამ 1916 წელს ირანის ამ რაიონში შემთხვევით მოხვდა რუსეთის ჯარში მომსახურე ქართველი ოფიცერი პავლე ლორთქიფანიძე, რომელიც ასე გადმოსცემს ფერიდნელთა მაშინდელ განწყობას: „მათ ძალიან უნდოდათ ქართული სკოლების გახსნა. მთხოვდნენ როგორმე დავხმარებოდი მათ დედა-ენის შოვნაში. მათ მითხრეს, ჩვენი ქალები წიწილასაც რომ დაკარგავენ, მთელი ღამე არ სძინავთ. საქართველომ სამასი ათასი ადამიანი დაკარგა და ნუთუ ჩვენზე აღარ ფიქრობსო. ქართველებს ჩვენ გადაშენებულები ხომ არ ვგონივართო“ (ონიკაშვილი 2004: 70).
1927 წელს ფერეიდანში ჩავიდა ამბაკო ჭელიძემ, რომელიც ასევე აღწერა იქაურობა და წიგნად გამოაქვეყნა.
1944 წელს ირანში ჩავიდა კინორეჟისორი ირაკლი კანდელაკი და შექმნა დოკუმენტური ფილმი – „ფერეიდნელი ქართველები.“
1944 წლის მერე წყდება ურთიერთობა საქართველოსა და ფერეიდანს შორის.
უნდა აღინიშნოს, რომ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო დათბობა საბჭოთა კავშირსა და ირანს შორის, რაც განაპირობა თანამშრომლობამ ეკონომიკის სფეროში. გამომდინარე აქედან მიეცა საშუალება კინორეჟისორ გურამ პატარაიას 1969 წელს, დოკუმენტური ფილმის შესაქმნელად, ჩასულიყო ფერეიდანში, რომელსაც თან ახლდნენ: კინოოპერატორი ირაკლი ონოფრიშვილი, კონსულტანტი ირანისტი მაგალი თოდუა და ჟურნალისტი ლამარა ბოკერია, რასაც მოჰყვა 1970 წელს დოკუმენტური ფილმის – „შორია გურჯისტანამდე“ – გამოჩენა ეკრანზე.
შეიძლება ითქვას, პირველი პერიოდის მეორე ეტაპიც სწორედ აქედან იწყება, რომელსაც გვირგვინად დაედგა 1970-იან წლებში (1972-1980წწ.) ფერეიდნელთა ორ ათეულამდე ოჯახის მუდმივსაცხოვრებლად ჩამოსვლა საქართველოში.
ბევრ ფერეიდნელს ჰქონია თურმე საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლის დიდი სურვილი, მაგრამ ყველამ ვერ გაუძლოს თურმე ზეწოლას ირანის მთავრობის მხრივ.
აი, რას წერს ფერეიდნელი ქართველი ვახტანგ ონიკაშვილი მათ შესახებ თავის წიგნში: „ფერეიდანი“:
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კანონმდებლობის თანახმად ყოველი ერის წარმომადგენელს უფლება აქვს თავის სამშობლოში დაბრუნდეს, სწორედ ამ კანონით ისარგებლეს ფერეიდნელების ქართველების რამოდენიმე ოჯახმა 1967 წელს და განცხადება შეიტანეს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომ მათთვის უფლება მიეცათ საკუთარ სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ, პარალერულად განცხადება ჰქონდათ შეტანილი თეირანში არსებულ საბჭოთა კავშირის საელჩოში და დაიწყო „ბრძოლა“ ირანის მთავრობასა და ამ ხალხს შორის, რომელმაც ხუთ წელიწადს გასტანა სანამ დადგებოდა ჩვენთვის ნანატრი 1972 წელი. ეს იყო ტანჯვის, წამების, აბუჩად აგდების, ცემის წლები, რამდენი რამ გადახდა 12 ფერეიდნელ ოჯახს, სანამ საქართველოს საზღვრებს მოაღწევდნენ “ (ონიკაშვილი 2004: 71).
შემდგომ წლებში მათ რიცხვს მიემატა 9 ოჯახი. ბოლო ოჯახი ჩამოვიდა 1988 წელს.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, სხვადასხვა მიზეზების გამო, 9 ოჯახი უკან დაბრუნდა.
მეორე ეტაპი გამოირჩევა ირან-საბჭოთა კავშირს შორის მძაფრი იდეოლოგიური დაპირისპირებით, რაც ხელს უშლიდა საქართველოსა და ფერეიდანს შორის ურთიერთობებს.
ამ პერიოდში მე ერთი წელი (1971-1972 წწ.) ვიყავი სამუშაოდ მივლინებული სსრკ უმაღლესი განათლების სამინისტროს მიერ ისპაჰანის სამშენებლო ცენტრში სპარსული ენის თარჯიმნად. კარგად მახსოვს, თუ რა წნეხის ქვეშ ვიმყოფებოდით საბჭოთა სპეციალისტები ორივე ქვეყნის სპეცსამსახურების მხრივ.
ჩვენ კი ვცხოვრობდით ირანში, მაგრამ უფლება არ გვქონდა სამ კაცზე ნაკლებს გაგვევლო ქალაქში, არასამსახურებრივი კავშირი დაგვემყარებინა ადგილობრივ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით, ქართველებს – ირანელ ქართველებთან. არ გვქონდა უფლება სამოცი კილომეტრის რადიუსზე მეტით დაგვეტოვებინა ის ადგილი, სადაც ვცხოვრობდით, ფერეიდანი კი ისპაჰანიდან 180 კილომეტრზე მდებარეობდა.
პირველი პერიოდის მეორე ეტაპზე იყო შემთხვევები საქართველოდან სამეცნიერო მივლინებით თუ გამოფენებზე ქართველ სპეციალისტთა ჩასვლისა ირანში, მაგრამ ისინი ფერეიდანში ვერ აღწევდნენ.

ურთიერთობათა მეორე პერიოდი

მას მერე, რაც საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და ირან-საქართველოს შორის დამყარდა უპრეცედენტო თანაბარუფლებიანი სახელმწიფოებრივი კავშირი მთლიანად შეიცვლა ურთიერთობა საქართველოსა და ფერეიდანს შორის.
დიახ, უპრეცედენტო, რადგან ირან-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა ისტორიაში, რომელიც სათავეს იღებს ირანის სახელმწიფოს დაარსებიდან, ანუ ჩვენს წელთა აღრიცხვამდე მეხუთე საუკუნიდან, მსგავსი რამ პირველად მოხდა.
როგორც კი საქართველომ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა, ირანის ისლამური რესპუბლიკა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც სცნო მისი ტერიტორიული მთლიანობა და სახელმწიფოებრიობა, რომლითაც დაიწყო სრულიად ახალი პერიოდი საქართველოსა და ფერეიდანს შორის ურთიერთობაში.
1993 წელს გაიხსნა ირანის ისლამური რსპუბლიკის საელჩო საქართველოში, ხოლო 1994 წელს – საქართველოს საელჩო ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
საქართველოში ირანის საელჩოს გახსნის პირველსავე დღიდანვე, საკუთარი ინიციატივითა და ენთუზიაზმით აღმოვჩნდი ორი ქვეყნის კულტურულ ურთიერთობათა ისტორიის შუაგულში. მთელი ამ ხნის განმავლობაში უბის წიგნაკში ვიწერ ჩემთვის საინტერესო საკითხებს, რომლებიც ამ სფეროში იჩენს თავს, ეს იქნება ირანსა თუ საქართველოში, ირანისტთა საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებსა თუ უბრალო კულტურულ ღონისძიებებზე.
მახსოვს, ირანის პირველი ელჩი ფერეიდუნ ჰაყბინი, საქართველოში ჩამოსვლის დღიდანვე, როგორ გვპირდებოდა ქართველ ირანისტებს, რომ გაგვამგზავრებდა ირანში სპარსულ ენასა და ლიტერატურაში კვალიფიკაციის ასამაღლებელ ერთთვიან კურსებზე. თუმცა ამ დანაპირების აღსრულებას მისი ელჩობის ოთხწლიანი ვადა არ ეყო. ეს მხოლოდ მომდევნო ელჩმა აქბარ ამინიანმა შეძლო, ისიც თავისი მსახურების ერთი წლის მერე.
და აი, დადგა ირანში ჩვენი გამგზავრების დღეც 1996 წლის 3 ილისი. მერსედესის ორი ახალთახლი ავტობუსი დადგა აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის წინ, საიდანაც უნდა გავდგომოდით გზას ირანისკენ. ყველანაირ ხარჯებს ირანის მხარე იღებდა თავის თავზე. გზის დასალოცად მოვიდა ელჩი აქბარ ამინიანი, მთელი თავისი ამალით. ეტყობოდა ძალიან ღელავდა. აი, მისი სიტყვები:
„მას მერე, რაც საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა, აქედან ირანში ამ სახით ჯგუფის გამგზავრება არის პირველი ნაბიჯი ირან-საქართველოს ახალ კულტურულ ურთიერთობათა ისტორიაში, რომელზედაც დიდად იქნება დამოკიდებული ამ სფეროში მომავალ ურთიერთობათა ბედი,. ეს არ არის ოფიციალური ვიზიტი, არამედ არის ირანში მეგობრული სტუმრობა. საინფორმციო საშუალებანი ხშირად არაობიექტურად აშუქებენ ირანში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ გვინდა, თქვენ უშუალოდ ნახოთ და განიცადოთ ჩვენი ქვეყანა. თქვენ საშუალება გექნებათ თვენახევრის განმავლობაში ისპაჰანის უნივერსიტეტში მოუსმინოთ ცნობილ ირანელ პროფესორებს, მოიაროთ სხვადასხვა ქალაქები და რაიონები, დაათვალიეროთ ისტორიული ძეგლები. ხოლო თუ როგორი სტუმართმოყვარენი არიან ირანელები და როგორ პატივს სცემენ ისინი ქართველებს, ამაში თვითონ დარწნუნდებით“ (ბართაია 2013: 8).
ჩვენ ნამდვილად განცვიფრებულნი დავრჩით ირანელთა სტუმართმოყვარეობითა და ჩვენდამი დამოკიდებულებით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ ელჩი ერთგვრად შეშინებულიც კი ჩანდა იმის გამო, რომ ჩვენ ქრისტიანები მივემგზავრებოდით ისლამურ, თანაც თეოკრატიულ სახელმწიფოში.
თუმცა ამ მხრივაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
დიახ, ეს იყო ამ მასშტაბის პირველი არაოფიციალური სტუმრობა საქართველოდან ირანში, რომელმაც ისე მშვიდობიანად ჩაიარა, რომ ფართოდ გაეხსნა გზა მომავალ ურთიერთობებს, განსაკუთრებით კულტურის სფეროში.
დავიხიოთ ცოტა უკან.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მქონდა ბედნიერი შემთხვევა, მანამდე 25 წლით ადრე, ერთი წლის განმავლობაში მემუშავა სპარსული ენის თარჯიმნად ისპაჰანში, ანუ შაჰის ირანში და კარგად ვიცოდი როგორც საბჭოთა, ისე ირანელთა მაშინდელი დამოკიდებულება საქართველოდან ჩასულ და ადგილობრივ ქართველთა მიმართ. ორივე მხრივ აკრძალული გვქონდა ერთმანეთთან ურთიერთობა, განსაკუთრებით ირანელთა მხრივ. ამიტომ ისპაჰანში ჩასულს აზრადაც არ მომსვლია ირანელ ქართველებთან ურთიერთობასა და, მით უფრო, ფერეიდანში ჩასვლაზე ფიქრი.
ერთ მაგალითს მოვიყვანთ: სამშენებლო-სასწავლო ცენტრში, სადაც მე ვმუშაობდი, ერთხელ, ლექციის მერე, დერეფანში შემომესმა „გამარჯობა!“ ვიცოდი ქართველი მარტო მე ვიყავი ობიექტზე, ჩავთვალე, იგი მე მეკუთვნოდა და მივუგე – „გაგიმარჯოს!“ თან დავუმატე, რომელი ხარ-მეთქი? მაგრამ პასუხი ვერ მივიღე.
მოკლდ, ერთი წელი ასე ვესალმებოდით ერთმანეთს მე და
ის ჩემი სტუდენტი ფერეიდნელი ახალგაზრდა, რომელმაც კარგად იცოდა, თუ რა მოჰყვებოდა ჩვენს პირადად გაცნობას.
დიახ, განვაგრძოთ თხრობა:
ისპაჰანის უნივერსიტეტში ჩასვლის პირველსავე დღესვე დაგვირიგეს სასწავლო-სამუშაო პროგრამა და დასძინეს – რაც კი შენიშვნა, გექნებათ, მოგვაწოდთ და პროგრამასაც ისე გადავაკეთებთო.
ვეცნობი საოცრად მრავალფეროვან პროგრამას, რომელიც ლამის მთელ ირანს მოიცავს და თვალებს არ ვუჯერი: ერთ პუნქტად წერია – ექსკურსია ფერეიდანში.
ამ მოულოდნელი ამბის შესახებ ვაცნობეთ ჩვენს ელჩს ირანში ჯემშიდ გიუნაშვილს, რაც მისთვისაც ასევე მოულოდნელი აღმოჩნდა ეს ამბავი. ელჩმა სიფრთხილე გამოიჩინა და გვირჩია, რომ კარგად დავფიქრებულიყავით და ისე მიგვეღო გადაწყვეტილება. არ იცოდა, როგორი ემოციები მოჰყვებოდა 38 კაციანი ავტობუსის შესვლას ფერეიდანში. მანვე გვირჩია, რომ შეგვედგინა მცირე ჯგუფი, რომელიც ვითომ თან გაჰყვებოდა ჩვენთან პრაქტიკაზე მყოფ ფერეიდნელ ქართველ ნათელა მიქელაძეს, თავისიანების მოსანახულებლად. ნათელას ოჯახი 1971 იყო ფერეიდნიდან ჩამოსული საქარველოში.
აი, ასე მოხვდა პირველად ოცამდე კაცი საქართველოდან ფერეიდანში საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენის მერე.
საქართველოსა და ფერეიდანს შორის გზა უკვე გახსნილი იყო და ფერეიდანში შესაძლებლი გახდა სხვადასხვა სახით ჩასვლა, ასე მაგალითად:
1998-2017 წლებში ფერეიდანში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდნენ ენათმეცნიერები: თედო უთურგაიძე, დარეჯან ჩხუბიანაშვილი (1998): მარინა ბერიძე, ლია ბაკურაძე, რუსუდან რამიშვილი, გიორგი ცოცანიძე, ზაქარია ფურცხვანიძე, ნიკო ნახუცრიშვილი, ელენე ნაპირელი (2008 – 2017 წწ.).
2000 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამეცნიერო მივლინებით ფერეიდანში გაემგზავრა მცირე სამეცნიერო ექსპედიცია ეთნოლოგ ოთარ მიმინოშვილის, მიხეილ როსტომაშვილისა და ჩემი შემადგენლობით.
2012 ფერეიდანში იმყოფებოდა თავისუფალი უნვერსიტეტის სტუდენტური სამეცნიერო ექსპედიცია გიორგი კაციტაძისა და ერეკლე ასტახიშვილის ხელმძღვანელობით.
2014 წელს შედგა ექსპედიცია ირანში, რომლის მასალების მიხედვით მომზადდა სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნი; „ორი გზა ფერეიდნამდე“, რომლის მიხედვითაც 2016 წელს აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტთა ჯგუფმა გადაიღო ხუთნაწილიანი დოკუმენტური ფილმი ფერეიდანზე.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ფერეიდნელი ქართველებისათვის 2011-2016 წლებში დაფუძნდა საზაფხულო სკოლა და ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის შემსწავლელი ერთწლიანი უფასო სასწავლო კურსები (ხელმძღვანელი პროფ. ტარიელ ფუტკარაძე).
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მეოთხე კონფერენცია თემაზე: ირანის ქართველები: ისტორია და პერსპექტივები“, თბ., 2014 წლის 28-29 მაისი; კონფერენცია მიეძღვნა საქართველოდან ირანში ქართველთა გადასახლების 400 წლისთავს (კონფერენციის ორგანიზატორი პროფ. ტარიელ ფუტკარაძე);
2015 წელს, მწერალმა და მეცნიერმა გიორგი სოსიაშვილმა, ფერეიდანში მოგზაურობის საფუძველზე, გამოაქვეყნა მეტად საინტერესო ნოველების კრებული “ვერცხლის ყვავილები”.
გარდა ამისა, საქართველოდან არა ერთმა პირმა მოინახულა ფერეიდანი ოფიციალურად თუ არაოფიციალურად (რევაზ მიშველაძე, ნოდარ კობერიძე, ანზორ შარაშენიძე, მიხეილ ღანიშაშვილი, ნინია ყოჩიშვილი…), რომლებმაც სხვადასხვა სახის პუბლიკაციები მიუძღვნეს ფერეიდნის თემას. .
საპატიარქომ თბილისში ფერეიდნელებს გამოუყო სახლი.
საზოგადობა „ერი და სახელმწიფოს“ (ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე) ინიციატივით 2017 წელს შეიქმნა პროექტი „ქართული ენისა და სიმღერის შემსწავლელი კურსები ფერეიდნელ ქართველთავის, სადაც ფერეიდნელები სწავლობდნენ აგრეთვე ქართულ ცეკვებს, ფანდურზე დაკვრასა და ქართულ სამზარეულს.
ირან-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის დამყარებისა და განსაკუთრებით სავიზო რეჟიმის მოხსნის მერე, ურთიერთობა საქართველოსა და ფერეიდანს შორის გააქტიურდა.
დღეს ფერეიდანი მოიზარება მეგობრობის ხიდად ირან-საქართველოს შორის.
ჩვენ ვისაუბრეთ მათზე, რომლებიც იყვნენ ფერეიდანში და დაგვიტოვეს მასზე მასალები, მაგრამ იყვნენ და არიან ისეთები, რომლებიც არ ყოფილან ფერეიდანში, მაგრამ მასზე შექმნეს მნიშვნელოვაბი მეცნიერული ნაშრომები, მაგალითად: არნოლდ ჩიქობავა, ზურაბ შარაშენიძე, ავთანდილ სონღულაშვილი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, გიორგი გოცირიძე…
ამგვარად, საქართველო-ფერეიდნის ურთიერთობებში შეიძლება გამოიყოს ორი მთავარი პერიოდი:
I – XIXს. 70-იანი წლებიდან, ანუ საქართველოში პირველი ფერეიდნელის გამოჩენიდან (1971წ.), XXს. 90 წლებამდე, ანუ საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენამდე.
II – XXს. 90-იანი წლებიდან დღემდე, როცა ირან-საქართველოს მრავალსაუკუნოვან ურთიერთობათა ისტორიაში, პირველად დამყარდა ერთმანეთთან თანაბარუფლებიანი სახელმწიფოებრივი კავშირი (1992).
თუ პირველ პერიოდში შეზღუდული იყო ურთიერთობანი, მეორე პერიოდში იგი თავისუფალი გახდა, უფრო მეტიც, ფერეიდანი ირან-საქართველოს შორის გადებული მეგობრობის ხიდის ერთ-ერთი მტკიცე ბურჯიც კი გახდა.

დამოწმებული ლიტერატურა:

აღნიაშვილი 1896 – ლადო აღნიაშვილი, მოგზაურობა სპარსეთში და იქაური ქართველები, თბილისი, 1896.
ბართაია 2013 – ნომადი ბართაია, საქართველო და ირანი, უპრეცედენტო ურთიერთობათა 25 წელი, თბილისი, 2013.
„განთიადი“1908 – ჟურ. „განთიადი“, N 5-6, თბილისი, 1908.
„დროება“ 1876 – გაზ. „დროება“, N 186, 187, თბილისი, 1876.
„ისარი“ 1907 – გაზ. „ისარი“, N 24 . V, თბილისი, 1907.
ნიკოლაიშვილი 2018 – ფერეიდანი. ისტორიულ-ფილოლოგიური რეალიები, ქართველოლოგიური ეტიუდები, III, თბილისი, 2018.
ონიკაშვილი 2004 – ვახტანგ ონიკაშვილი, ფერეიდანი, თბილისი, 2004.
სონღულაშვილი 2005 – ავთანდილ სონღულაშვილი, ირანში ქართველთა ნაკვალევზე, თბილისი, 2005.
„ტრიბუნა“ 1922 – გაზ. „ტრიბუნა“, თბილისი, 1922.
ქართლის ცხოვრება 1959 – ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბილისი, 1959.
ყიფიანი 1872 – ნიკო ყიფიანი, ქართველების კოლონია სპარსეთში, „დროება,“ 31. III, თბილისი, 1872.
შარაშენიძე 1979 – ზურაბ შარაშენიძე, ფერეიდნელი „გურჯები“, თბილისი, 1979.
ჭელიძე 2011 – ამბაკო ჭელიძე, ფერეიდნელი ქართველები, თბილისი, 2011.
ჭიპაშვილი 1990 – გიორგი ჭიპაშვილი, ირანის ქართველი მოსახლეობა, თბილისი, 1990.

 

ავტორი ნომად ბართაია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები