ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული შეხვედრების ერთგული
“ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული შეხვედრების ერთგული, როგორც ყოველთვის, რადგან ჩვენთვის თითოეული ნაბიჯით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადგილზე უსაფრთხო გარემოს შექმნა”, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.
მისივე შეფასებით, ტექნიკური შეხვედრა, რომელიც დღეს სოფელ ჩორჩანაში გაიმართა, ძალიან მნიშვნელოვანია.
„ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ყველა წევრისთვის გახლავთ ის, რომ შეთანხმდა კონკრეტული ნაბიჯები სიტუაციის დესკალაციისთვის, რაც ჩვენი მთავარი ამოცანა იყო. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობის ინტერესი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს იქნება გათვალისწინებული. შეხვედრა კონსტრუქციულ გარემოში წარიმართა. მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა გრძელდება უკვე მომდევნო კვირას შესაბამის ტექნიკურ ფორმატში ერგნეთში. ჩვენ ვრჩებით კონსტრუქციული შეხვედრების ერთგული, როგორც ყოველთვის, რადგან ჩვენთვის თითოეული ნაბიჯით ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს შექმნა, მათ შორის იგივე პოლიციის საგუშაგოთი და მოსახლეობისთვის გამყოფი ხაზების როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.