ნინო გოგუაძე: იმედი გვაქვს, პროცესის განსამუხტად მოლაპარაკებების მონაწილეები თავიანთ პასუხისმგებლობას აიღებენ
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის თქმით, სოფელ ჩორჩანასთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დაფიქსირდა პოზიცია, რომ ულტიმატუმების ენით საუბარი მიუღებელია. ის იმედოვნებს, რომ პროცესის განსამუხტად მოლაპარაკებებში ჩართული მონაწილეები თავიანთ პასუხისმგებლობას აიღებენ.
„პირველი შეხვედრა შედგა. ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი ის იყო, რომ ადამიანებმა, რომლებიც ამ პროცესებზე შფოთავენ და განიცდიან, ასევე იმ არეალში, ირგვლივ ცხოვრობენ, თავი იგრძნონ მშვიდად და კარგად. მოლაპარაკებების მონაწილეები ამ საკითხზე შეთანხმდნენ. ჩვენი მხრიდან პოზიცია დაფიქსირებული იყო, რომ ულტიმატუმის ენით პროცესში მონაწილეობას ვერ და არ მივიღებთ. პასუხიც იყო, რომ ულტიმატუმის ენით საუბარი არავის ინტერესებში არ შედის. იმედი გვაქვს, პროცესის განსამუხტად მოლაპარაკებების მონაწილეები თავიანთ პასუხისმგებლობას აიღებენ. ბლოკპოსტი ადგილზე რჩება, დღეს ეს განხილვის საგანი არ ყოფილა. ბუნებრივია, მოლაპარაკებები ამ მიმართულებით გაგრძელდება“, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.