გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. მას დღეს პანკისში, სოფელ დუისში, საგვარეულო სასაფლაოზე, შუადღის ლოცვის შემდეგ დაკრძალავენ.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოაბიტის რაიონში 23 აგვისტოს მოკლეს.
თავდამსხმელი მას ველოსიპედით მიუახლოვდა და მაყუჩიანი პისტოლეტით თავში ესროლა, ამის შემდეგ კი მიმალვა სცადა.
49 წლის ეჭვმიტანილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, პროკურატურა მისი დაკავების ორდერს ითხოვს.
გერმანული მედია აქტიურად წერს იმის შესახებ, რომ ხანგოშვილის მკვლელობის უკან, სავარაუდოდ, რუსული სპეცსამსახურები დგას.
Der Spiegel გამოძიებაზე დაყრდნობით წერს, რომ ხანგოშვილი შესაძლოა მისი საქმიანობის გამო მოეკლათ. გამოცემა წერს, რომ ამ ვერსიის სასარგებლოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ ხანგოშვილი საქართველოს შსს-ში ანტიტერორისტულ განყოფილებაში მუშაობდა და 2012 წელს ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა.
„თავდასხმის მცდელობის შემდეგ ხანგოშვილი უკრაინაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მოსკოვის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებდა. მეორე თავდასხმის მცდელობის შემდეგ ის საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 49 წლის რუსეთის მოქალაქე გერმანიაში მკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე ჩავიდა“,-აღნიშნავს Der Spiegel.
DW-მ კი დაწერა, რომ ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიება, შესაძლოა, ქალაქ კარლსრუეს ფედერალურ პროკურატურას გადაეცეს, რომელიც უცხო ქვეყნის აგენტების საქმიანობას იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები