დავითგარეჯის დილემა და კომპრომისი, რომელიც შესაძლებელია

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის 30 პროცენტი დღემდე შეუთანხმებელია. განსაკუთრებით მწვავედ დგას საზღვრის იმ მონაკვეთის საკითხი, სადაც დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. არსებული პრობლემის მოგვარების მიზნით, მიმდინარე წლის 19 აგვისტოს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და შეუთანხმებელ მონაკვეთებთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს.
დაიგეგმა საველე სამუშაოები – ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, შესაძლებელია თუ არა კომპრომისი და სად არის გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში?
ისტორიკოს ლადო მირიანაშვილის განმარტებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის შერეული კომისია ჯერ კიდევ 1996 წლის ივნისიდან მუშაობს, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, ამგვარ მდგომარეობას რამდენიმე მიზეზი აქვს. საქმე ისაა, რომ შერეული კომისიის 1996 წლის 13 ივნისის ოქმით, საზღვრის დელიმიტაციას საფუძვლად 1938 წლის რუკა დაედო. ამ რუკის გამოყენება შემთხვევითი არ ყოფილა: 1936 წლის 5 დეკემბერს ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა დაიშალა და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახით შევიდა. 1938 წლის რუკა ასახავს საქართველოს საზღვრებს მისი საბჭოთა კავშირში შესვლის დროისთვის.
ლადო მირიანაშვილის განმარტებით, იმის გამო, რომ ეს რუკა წვრილმასშტაბიანია (1:500 000), მასზე დატანილი საზღვრის ხაზის დეტალიზება გართულებულია და, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა.
„პრობლემის გადასაჭრელად, საჭიროა კომისიის წევრები შეთანხმდნენ, თუ კონკრეტულად რომელი მასშტაბის რუკა უნდა იყოს მიჩნეული საუკეთესოდ დეტალიზების პროცესის წარსამართად. თუ ერთი კონკრეტული მსხვილმასშტაბიანი რუკით საქართველოს მოუწევს მთლიანად უდაბნოს მონასტრისა და ჩიჩხიტურის მონასტრის ნახევრის დათმობა, მეორე მსხვილმასშტაბიანი რუკით ტერიტორია უკვე აზერბაიჯანმა უნდა დათმოს, თანაც იმაზე გაცილებით უფრო დიდი ფართობის, ვიდრე უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრების საერთო ფართობია. ამიტომ, არა მგონია, რომ სადემარკაციო კომისიის შემადგენლობის შეცვლამ რუკის შერჩევის პრობლემა მარტივად მოაგვაროს.
შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ დღევანდელი მდგომარეობით, გარეჯის საზღვრის დემარკაციის საკითხი ჩიხშია შესული და მისი ოპერატიული მოგვარება შეუძლებლად მიაჩნია. ცხადია, რომ ეს მდგომარეობა დროში უსასრულოდ არ უნდა გაიჭიმოს. საჭიროა რაღაც გამოსავალის მოძებნა, რათა ორ სახელმწიფოს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით გამწვავებული სიტუაცია დემარკაციის პროცესის დასრულებამდე დაცხრეს და აშკარა დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს“, – აცხადებს მირიანაშვილი.
არსებული ვითარების შესაცვლელად და პოლიტიკური „ტემპერატურის“ დასაწევად მირიანაშვილი რამდენიმე ვარიანტს განიხილავს.
აქედან ერთ-ერთი რეგიონში არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას უკავშირდება.
მისი თქმით, კარგი იქნება, თუ დავითგარეჯს დაცული ტერიტორიის სტატუსი მიენიჭება. ანალოგიურად, აზერბაიჯანულმა მხარემაც მის ტერიტორიაზე არსებულ ყარაიის ველს დაცული ტერიტორიის კატეგორია უნდა მიანიჭოს.
მირიანაშვილის განმარტებით, ერთობლივი ბუნებადაცვითი ზონის არსებობის შემთხვევაში, ორივე ქვეყნის მოქალაქეები დაცული ტერიტორიის ფარგლებში თავისუფალ გადაადგილებას შეძლებენ. მარშრუტში შევა ბერთუბნის ქართული მონასტერიც, რომელიც საზღვრიდან ხუთიოდე კილომეტრის მოშორებით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მდებარეობს და დღეისათვის ქართველი მომლოცველებისა თუ ტურისტებისათვის საქართველოს საზღვრის მხრიდან მიუწვდომელია. როგორც ირკვევა, ამგვარი მუშა პროექტი უკვე არსებობს: ის ათიოდე წლის წინ ქართველ სპეციალისტთა ჯგუფმა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შექმნა. საჭირო იქნება არსებული პროექტის ახალი მონაცემებით შევსება-განახლება, განსახილველად წარდგენა და, საბოლოო ჯამში, დამტკიცება.
იმ შემთხვევაში, თუ საზღვრის დელიმიტაციის პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში მოუგვარებელი დარჩა, ერთ-ერთ გამოსავლად მირიანაშვილს საუდის არაბეთისა და კუვეიტის მაგალითის გამოყენება მიაჩნია.
„1922 წლის 2 დეკემბრის შეთანხმებით, ამ ორმა ქვეყანამ მომიჯნავე ტერიტორიაზე დატოვეს ნეიტრალური სასაზღვრო ზონა, რომლის ფარგლებში ორივე სახელმწიფოს თანაბარი უფლებები გააჩნდა. ნეიტრალურ ზონაში ნავთობის საბადოს აღმოჩენის შემდეგ კი მის ექსპლუატაციას ორივე სახელმწიფო ერთობლივად ეწეოდა.


არსებობს პრობლემის მოგვარების სხვა შესაძლო გზებიც, რომელთა განხორციელება საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფალთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული“, – აცხადებს მირიანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები