პროკურორი: ხაზარაძე და ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ

პროკურორი გიორგი მიქავა ბიზნესმენების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ხაზარაძე და ჯაფარიძე ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ.
„ფულის გათეთრებაში ბრალდებული მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე უკვე მერამდენედ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ. პირველ რიგში, განვმარტავ, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისთვის – პირიქით, ბრიტანულმა მხარემ მიაწოდა ინფორმაცია ქართულ მხარეს ბრალდებულების ფინანსური აქტივობების შესახებ. ანუ, აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან.
რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ კიდევ ერთ ცრუ გარემოებას, თითქოს და ეს კომუნიკაცია შედგა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ყალბი ამბის გავრცელების. რეალურად, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმ კონვენციის დასახელებიდან, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და რომელსაც ეწოდება: „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“, ამოგლიჯეს დასახელებიდან ერთი სიტყვა – „ტერორიზმი“ და საზოგადოებას მიაწოდეს მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს ანტიტერორისტულ საქმიანობაზე. გარდა კონვენციის დასახელებისა, სამართლებრივ პროცედურებში სიტყვა „ტერორიზმი“ ნახსენები არსად არ არის.
რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში განიხილოს ნებისმიერი ალტერნატიული შესაძლებლობის გამოყენება იმგვარად, რომ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ხელი არ შეეშალოთ საზოგადოებრივ და ბიზნესსაქმიანობაში“. – აცხადებს გიორგი მიქავა.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, დღეს ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, წერილით მიმართა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს, რომ ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში და ეჭვი აქვთ, რომ მათი ფულადი სახსრები ბრიტანეთში არის კრიმინალური წარმოშობის. ჯაფარიძის შეფასებით, ამის მიზანია, ბრიტანეთში მათი კანონიერი სახსრების ბლოკირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები