ავთანდილ წერეთელი: ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე მსჯელობენ.
ავთანდილ წერეთელმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისთვის წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა.
„ ჩემმა მეგობრებმა მთხოვეს ფული, ეს პირველად არ მოხდა, ადრეც მიმიცია. მე ჩემი ფული ვასესხე მათ. თქვენ პროკურორები არ ხართ ამის გამომძიებლები. ავიღე კრედიტი, ეს ჩემი ნებაა, საბრუნავი საშუალება არც ესმით რას ნიშნავს. ამ საქმესთან არავითარი კავშირი არა აქვს ჯაფარიძეს და ხაზარაძეს, ბანკის ფული არის თეთრი ფული და ოფიციალურად მოხდა. დამნაშავე არა ვარ და იმიტომ ჩამოვედი დღეს და მოვედი სასამართლოში. იმ დროს, როცა ომი და უბედურება იყო და კაციშვილს ფული არ შეჰქონდა, ავთო წერეთელს შეჰქონდა ბიუჯეტში 30 და 40 მილიონი და იმ დროს არ მიკადრია რაიმე გადაცდომა. ტელევიზია გინდათ? ვერ მიიღებთ“, – განაცხადა ავთანდილ წერეთელმა.
ამასთან, მოსამართლე დაინტერესდა, თუ რამდენს შეადგენს წერეთლის შემოსავალი.
“180 ლარი პენსია, დღეს ეს არის ჩემი შემოსავალი, – უპასუხა წერეთელმა მოსამართლეს.
პროკურატურამ დღეს ავთანდილ წერეთლისთვის ნახევარმილიონიანი გირაოსა და საზღვრის დატოვებაზე შეზღუდვების დაწესება მოითხოვა. პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, თანხის ოდენობა პროკურატურამ ავთანდილ წერეთლის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით განსაზღვრა.
მოსამართლემ კი სხდომაზე განმარტა, რომ შემოსავლის ოდენობით იმის გამო დაინტერესდა, აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს ოდენობა განსაზღვროს და დააკმაყოფილოს თუ არა პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ოდენობა.
რაზეც წერეთელმა შემდეგნაირად უპასუხა.
“ჩვენს ოჯახს აქვს ბიზნესი, რომელსაც “ტვ პირველი“ ჰქვია” საიდანაც შემოსავალი 10 000 ლარი არ იქნება“, – აღნიშნა წერეთელმა.
ცნობისთვის, უწყება ავთო წერეთელს 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის დახმარებას ედავება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები