ლავროვი: „აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია“
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, „აფხაზეთი როგორც დემოკრატიული სახელმწიფო უკვე შედგა, მისი საერთაშორისო აღიარების პროცესი კი, შეუქცევადია“.
ამის შესახებ ლავროვმა დოკუმენტურ ფილმში თქვა, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს ეძღვნება.
ლავროვის თქმით, ე.წ. აღიარების პროცესი ჯერ კიდევ ბაღაფშის დროს დაიწყო.
„პირველი აღიარება წამოვიდა ნიკარაგუადან, შემდეგი იყო ვენესუელა, ნაურუ, ტუვალუ, ვანუატუ, სირიაც შეუერთდა ამ ჩამონათვალს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია, რადგან აფხაზეთი, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, შედგა, ამას საფუძველი კი ბაღაფშმა ჩაუყარა“,-განაცხადა ლავროვმა.
ლავროვის თქმით, ის ამაყობს იმით, რომ მეგობრობდა სერგეი ბაღაფშთან, „არაჩვეულებრივ ადამიანთან. ის სულ მემახსოვრება, ასევე მისი წვლილი, რომელიც მან რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობის განვითარებაში შეიტანა“.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის 8 აგვისტოს ომის შედეგად, მოსკოვმა იმავე წლის 26 აგვისტოს საქართველოს რეგიონები აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოაცხადა.