მარტვილში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გაიხსნა

0

მარტვილის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში განაგრძობს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარიძემ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გრიგალავამსამეგრელო–ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარ დეპუტატთან, ოთარ დანელიასთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, სასწრაფო–სამედიცინო დახმარების ადმინისტრაციული შენობა გახსნა.
როგორც “კვირას” მარტვილის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი“ საერთაშორისო სტანდარტებით აშენდა. ადმინისტრაციული ფართი სრულად არის აღჭურვილი, როგორც საყოფაცხოვრებო, ისე კომპიუტერული ინვენტარით. მისმა ღირებულებამ 126 899 ლარი შეადგინა. სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ნიუ ბილდ გრუპმა“ შეასრულა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტს სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობა აქამდე არ ჰქონდა, 40–მდე თანამშრომელი კორპორაცია „ევექსის“ შენობაში მუშაობდა. დღეიდან, სამედიცინო მომსახურებას მოსახლეობა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით მიიღებს.
აღსანიშნავია ასევე, რომ სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულშიც მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, აშენდება სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 148 461 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი