ვატო წერეთელი: ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოცხადდება

“ტვ პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის ინფორმაციით, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე გამოცხადდება.
როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, ამის შესახებ ინფორმირებულია საგამოძიებო უწყებაც და ფორმალურ მხარეს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი უხელმძღვანელებს.
“მესამე წელია, ყველაფერს აკეთებთ. ყველა გზა და მეთოდი სცადეთ, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ. ახლა ყველაზე ძვირფასი ადამიანით მაჟანტაჟებთ და აბსურდული საქმე აღძარით ?! კიდევ ერთხელ გეუბნებით – “ტვ პირველს” ვერ წაიღებთ! ვრჩებით გავლენების მიღმა – მოვლენების შუაგულში. სანამ ცოცხალი ვარ, ჩვენი არხი არ გაითიშება და არც არანაირ ტრენდზე დაჯდება. მამა – ავთო წერეთელი არის ჩვენი თანამოაზრე ამ ბრძოლაში.
P.S. პროკურატურასთან შედგა კომუნიკაცია, ფორმალობებს ავთანდილ წერეთლის ადვოკატი – კახა წერეთელი მიხედავს.
ავთანდილ წერეთელი მზად არის, გამოცხადდეს პროკურატურაში 29 აგვისტოს, საქართველოში დაბრუნებისთანავე. ამის თაობაზე საქმის კურსშია საქართველოს გენერალური პროკურატურა”, – წერს წერეთელი სოციალურ ქსელში.
​შეგახსენებთ, რომ დღეს ვატო წერეთლის მამა, ავთანდილ წერეთელი პროკურატურაში ბრალის წარდგენისთვის დაიბარეს.
უწყების განმარტებით, საქმე ეხება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები