რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა აკაკი ბობოხიძის განცხადებაზე ექსპერტიზა დანიშნა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი,ს აკაკი ბობოხიძის მიერ 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე ფსიქოლოგიურ-ლინგვისტური ექსპერტიზა დანიშნა.
ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა, ანდრეი ალშევსკიხმა სოციალურ ქსელში დაწერა.
დეპუტატმა, ასევე, საგამოძიებო კომიტეტის პასუხი განათავსა.
„საგამოძიებო კომიტეტში თქვენი მიმართვა განხილულია, რომელიც ა. ბობოხიძის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტსა და მომდევნო წლებში მონაწილეობას შეეხებოდა.
გატყობინებთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკაში შეიარაღებული კონფლიქტის ფაქტი რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში არ განიხილება. ცნობები იმის შესახებ, რომ ა. ბობოხიძემ რუსეთის მოქალაქეები მოკლა, ან სხვა სახის ქმედება ჩაიდინა – არ გვაქვს.
ბობოხიძის განცხადების სამართლებრივი შეფასებისთვის, სამხრეთ ოსეთის მოვლენების სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, ფსიქოლოგიურ-ლინგვისტური ექსპერტიზა დაინიშნა“, – ნათქვამია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებაში.
ექსპერტიზა, რომელიც ბობოხიძის მიმართ დაინიშნა, ეხება 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს, როდესაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი სპიკერის სავარძელში დაჯდა და დამსწრე საზოგადოებას რუსულ ენაზე მიმართა.
ფაქტი პარლამენტის ოპოზიციამ დაგმო, მათ შორის „ევროპული საქართველოს“ წევრებიც იყვნენ.
აკაკი ბობოხიძემ სპიკერის ტრიბუნიდან რუსული დელეგაციის მისამართით თქვა: – „მე ვკლავდი თქვენიანებს, ვკლავდი და ისევ მოვკლავ. წაეთრიეთ აქედან. თუ არ წაეთრევით… წადით უკან“.
რამდენიმე დღეში „საქართველოს სლავ ხალხთა ეროვნულმა კონგრესმა“ საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ აკაკი ბობოხიძეს სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები