რუსეთი სომხეთის მიმართ „რბილ ძალას“ იყენებს – რა საფრთხის წინაშე დგას რესპუბლიკა

სომეხი პოლიტოლოგის, გაგიკ ამბარიანის შეფასებით, სომხეთში ანტირუსული განწყობების გაღვივება ქვეყანას, შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს, რადგან რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც სომეხი შრომითი მიგრანტები ჩადიან, ასევე, სომხეთში ყოველწლიურად გზავნილების სახით 1 მლრდ დოლარი შედის.
ამის შესახებ პოლიტოლოგმა სომხურ გამოცემას განუცხადა.
ამასთან, მისი შეფასებით მოსკოვი დღეს მოლოდინის რეჟიმშია გადასული და სომხეთის მიმართ „რბილ ძალას იყენებს“.
ამასთან, როგორ აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ერევანი დღეს აცხადებს, რომ რუსეთთან იმაზე უკეთესი ურთიერთობა აქვს, ვიდრე ოდესმე ჰქონია, რეალობა საპირისპიროზე მეტყველებს. მაგალითისთვის, პოლიტოლოგმა მოიყვანა ის ფაქტი, რომ, ხელისუფლებაში ნიკოლ ფაშინიანის მოსვლის შემდეგ, ერევანში ოფიციალური ვიზიტით კრემლიდან არავინ ჩასულა.
„ჩვენს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა იმაზე უკეთესია, ვიდრე ადრე. ვისურვებდი, ეს ასე იყოს, მაგრამ რეალობა სხვაგვარია.
ამჟამად, რუსეთი მოლოდინის რეჟიმშია. მოსკოვს სომხეთის შიდა საქმეებში ჩარევა არ სურს; ელოდება, რომ სომხეთის საზოგადოება რევოლუციური ეიფორიიდან გამოვა და ფაშინიანის მმართველობას რეალურად შეაფასებს ისევე, როგორც რუსეთ-სომხეთის ურთიერთობას.
რუსეთი „რბილ ძალას“ იყენებს სომხეთის მიმართ, არ ამწვავებს ორმხრივ ურთიერთობას, არ დგამს ნაბიჯებს, რომლებიც დიდი ზიანის მომტანია. ვიცით, რომ რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის ბალანსი ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებების დროს იყო დარღვეული. დღეს ის, მოსკოვის სასარგებლოდ, კიდევ უარესდება.
რაც შეეხება „რბილ ძალას“ – რუსეთი ბუნებრივ აირზე საფასურს არ ზრდის, სომეხი შრომითი მიგრანტებისთვის წინაღობას არ ქმნის. წარმოგიდგენიათ, შრომით მიგრანტებს პრობლემები რომ შეუქმნან? ყოველ წელს რუსეთში სამუშაოს საძებნელად რამდენიმე ათასი ადამიანი მიდის. წარმოგიდგენიათ, ისინი უკან რომ დააბრუნონ? სოციალური აფეთქება მოხდება.
სოციალურ ქსელში ადამიანებს არ ესმით, თუ რა შეიძლება, მოხდეს იმ შემთხვევაშ,ი თუ ანტირუსულები გავხდებით. სომხეთში რუსული ბაზის განთავსება ჩვენ არ ვითხოვეთ?! თუ ანტირუსულები გავხვდებით, გვსურს თუ არა, ყოველწლიურად 1 მლრდ დოლარი დავკარგოთ, რომელიც ქვეყანაში გზავნილების სახით შემოდის? გაცეცხლებულ ადამიანებს ვეტყოდი, რომ ფრთხილად იყვნენ, რომ ანტირუსული ისტერიის პროვოცირება არ მოხდეს“, – აღნიშნა გაგიკ ამბარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები